ლიკანში საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ინიციატივით დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროების საკითხზე ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის რეკომენდაცია სახალხო დამცველმა 2014 შეიმუშავა, თუმცა მიუხედავად დიდი მნიშვნელობისა, იგი ამ დრომდე შეუსრულებელია.
სახალხო დამცველმა ანგარიშებში შესული სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები მიმოიხილა და გამოძიების ინსტიტუციურად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის საჭიროებასა და მოდელებზე იმსჯელა; ყურადღება გაამახვილა როგორც ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის ხარვეზებზე, მსგავს დანაშაულთა საგამოძიებო ქვემდებარეობის კუთხით, ასევე პრაქტიკის შედეგად დამკვიდრებულ დაუსჯელობის სინდრომზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბების მხარდამჭერი ორგანიზაციების: ევროსაბჭოს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატისა და ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" წარმომადგენლები.
ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" წარმომადგენელმა დეტალურად მიმოიხილა არასამთავრობო სექტორის მიერ შემუშავებული კანონპროექტი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ. კანონპროექტზე მსჯელობისას დისკუსია წარიმართა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის იურისდიქცია დანაშაულებთან და დანაშაულის ჩადენის დროსთან მიმართებაში, ბრალმდებლის უფლებამოსილების განხორციელება, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ხელმძღვანელისა და სხვა კადრების შერჩევის წესი და სხვა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების თაობაზე სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა და მოდელები.