თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი ჩატარდა.
"ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ამ ქვეყანაში საზოგადოება შეთანხმებულია ერთ ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებაზე, რომ საქართველო უნდა დაბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს, საიდანაც ის ხელოვნურად, ძალადობრივად მოწყვიტეს. ეს გზა არ არის მარტივი, ამ გზაზე ორი ათეული წელია ჩვენი მოქალაქეები _ სამხედროები და მოქალაქეები შეუპოვრად იბრძვიან, ეს არ არის მარტივი გზა, არ ყოფილა მუდამ მშვიდობის გზა. სამწუხაროდ, ამ 25 წლის მანძილზე საქართველომ ბევრი მძიმე ომი გამოიარა და როგორც ჩანს, არც შემდეგი წლები იქნება მარტივი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება", _ ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
2016 წლის 4 აპრილს, ნატოს კვირეული ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით გაიხსნა. ორდღიანი ფორუმი საქართველოში, თბილისში პირველად გაიმართა. ნატოს საინფორმაციო ცენტრის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ორგანიზებით.
ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. მან ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის ჩატარებასა და საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან კავშირების გამყარებაზე გაამახვილა ყურადღება: "საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან კავშირების გამყარებას. საქართველო ასრულებს მნიშვნელოვან ვალდებულებებს იმით, რომ მონაწილეობს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) და ნატოს ისეთ მისიებში, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ოპერაცია (ISAF). 2016 წლის ბოლომდე ჩვენ ასევე შევინარჩუნებთ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ჩართულობის დონეს. იმედი მაქვს, ნატოს ვარშავის სამიტის ფარგლებში საქართველო მკაფიო გზავნილს მიიღებს წევრობასთან დაკავშირებით. მინდა ხაზი გავუსვა, რომ თანამედროვე ციფრულ ეპოქაში საინფორმაციო ომი უპრეცედენტო საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ, დღევანდელი გამოწვევების საპასუხოდ სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენი პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი გახდა,"_ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ფორუმის მეორე დღე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გახსნა:
"დღეს, ჩვენ ვსაუბრობთ იმის თაობაზე, რომ ალიანსს გააჩნია მეტი შესაძლებლობები იმისათვის, რომ მეტი სტაბილურობა შემოიტანოს, მეტი სიმშვიდე შემოიტანოს და განტვირთოს ვითარება. აქედან გამომდინარე, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არასოდეს დაუკლია საკუთარი ძალისხმევა გლობალური სტაბილურობისათვის და ეს ძალისხმევა არ გამოიხატებოდა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით, არამედ გამოიხატებოდა იმ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, სადაც ქართველმა ჯარისკაცებმა ისახელეს თავი.
ამ ქვეყნის პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ საქართველოში არანაირი კითხვა იმასთან დაკავშირებით _ რა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, არ არსებობს!
ჩვენ, ნათლად ვაფიქსირებთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ მომავალს ევროკავშირში, ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ნატოს, როგორც იმ უსაფრთხოების ქოლგას, რომელშიც ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, გავერთიანდებით და რომელსაც ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენი თანამონაწილეობით და რომელიც კიდევ უფრო მეტ სიმშვიდეს მოუტანს ქვეყნებს, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე გლობალურად!" _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ეფექტიანი საჯარო დიპლომატია, სტრატეგიული კომუნიკაციები, პროპაგანდასთან ბრძოლის პრობლემები და პერსპექტივები _ ასეთი იყო თემები, რომელიც ოთხი პანელისგან შემდგარ ორდღიან ფორუმს მოიცავდა. ძირითად საკითხად კვლავ ნატოს ვარშავის სამიტამდე საქართველოს გზა და ამ კუთხით სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტურ როლზე მსჯელობა წარმოადგენდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება. ამის შესახებ განცხადება ფორუმის პირველ დღეს სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ და ნატოს სტრატეგიული ცენტრის დირექტორმა იანის სარტსმა ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთეს.
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს საქართველოს მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ნატოს საერთაშორისო სამსახურის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
(R)