საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს 141 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის მიხედვით რუანდა ლიდერობს _ 64%; მეორე და მესამე ადგილებს 53-50%-ით ბოლივია და ანდორა იკავებენ.
ქალთა პოლიტიკური აქტივობით ლიდერ რეგიონებს შორის ყველაზე დიდი მაჩვენებელი სკანდინავიის ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებშია, სადაც ქალებს მანდატების 41.5% უკავიათ; ამავე სტატისტიკის თანახმად, აზიაში საკანონმდებლო ორგანოებში ქალები დეპუტატთა მანდატების 19%-ს იკავებენ, არაბულ სახელმწიფოებში კი _ 18%-ს.
141 ქვეყნიდან საქართველო 106-ე ადგილს იკავებს _ პარლამენტში, რომელიც 150 დეპუტატისგან შედგება, ქალები მხოლოდ 11%-ს შეადგენენ.
ჩვენს ქვეყანაში წლებია, იმაზე საუბრობენ, თუ როგორ გაზარდონ ქალთა წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში.
კვოტირების იდეა საქართველოს პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჯერ კიდევ 2002 წელს მიაწოდეს, თუმცა, პარლამენტარებმა ამ იდეას მხარი არ დაუჭირეს. იგივე მოხდა 2008 წელს, როცა "ქალთა კოალიციამ" გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი მოამზადა, მოქალაქეთა ხელმოწერებიც მოაგროვა, მაგრამ კანონპროექტი კომიტეტის სხდომებს ვერ გასცდა.
2011 წელს პარლამენტმა კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც, 20%-იანი კვოტის დაცვის შემთხვევაში, პარტია 10%-იან დანამატს იღებდა დაფინანსებაზე. თუმცა, ამას რეალობა არ შეუცვლია _ როგორც საკანონმდებლო, ისე ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალთა წარმომადგენლობა 12%-ს ვერ სცდება.
გასულ წელს, საქართველოს პარლამენტსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით, პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების ახალი ვარიანტი წარედგინა.
"საარჩევნო კოდექსსა" და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი დეპუტატების – ნანა ყეინიშვილისა და თემურ ჭკუასელის სახელით არის ინიცირებული.
კანონპროექტის მიხედვით, პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოველ სამ კანდიდატს შორის ერთი განსხვავებული სქესის უნდა იყოს.
რა ეტაპზეა კანონპროექტის განხილვა, დაკომპლექტება თუ არა "ქართული ოცნების" საარჩვენო სია გენდერული კვოტების მიხედვით? ამ და სხვა თემებზე კანონპროექტის ინიციატორმა, პარლამენტარმა, კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა თემურ ჭკუასელმა "გურია ნიუსის" და არასამთავრობო ორგანიზაცია "Post ალიონის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადებულ გადაცემაში "მონოლოგიდან _ დიალოგამდე" ისაუბრა.
_ როგორც მჩვევია, ძალიან გულახდილად გეტყვით _ თავად არ გახლდით ამ კანონის მიღების მხარდამჭერი, აქვე მინდა დავაზუსტო _ ამ კანონის მომხრე. თუმცა, არ ვარ წინააღმდეგი პარლამენტში ქალბატონების ყოფნისა _ რაც მეტი იქნება ქალბატონი, ოღონდ აზრიანი ქალბატონი პარლამენტში, მით უფრო, კარგია და მით უფრო ალამაზებს პოლიტიკურ და არა მარტო პოლიტიკურ სივრცეს. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ როგორც გავარკვიე, ეს დემოკრატიის პრინციპის დარღვევაა. თანდათან შევიცვალე აზრი, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც გავიგე, რომ შეიძლება კანონი დემოკრატიის პრინციპს ეწინააღმდეგებოდეს ერთი შეხედვით, მაგრამ ჰარმონიას და ცხოვრებისეულ სიტუაციის უკეთესად წარმოჩენას უწყობდეს ხელს _ ასეთ შემთხვევაში არ ითვლება დემოკრატიის პრინციპის დარღვევად. ზუსტად ეს გავითვალისწინე, როდესაც ამაზე ვსაუბრობდი. რაც შეეხება უშუალოდ ჩემ ჩართულობას _ ჩემი დამოკიდებულება ამ პარლამენტთან და საერთოდ, კოალიციაში შემავალ პარტიებთან კარგად იციან ქალბატონებმა და მათ მთხოვეს მხარდაჭერა. დავუდექი გვერდით, ვესაუბრე ჩემს კოლეგებსაც. ზოგიერთმა პარტიამ, რომელიც ამ კანონის მიღების წინააღმდეგია, წყნარად და მშვიდად ამიხსნა, რომ პარტიულ კვოტირებას აკეთებდნენ.
_ "რესპუბლიკელებს" გულისხმობთ?
_ "რესპუბლიკელებსაც" ვგულისხმობ და "კონსერვატორებსაც". მათ ეს შიდა პარტიული წესით აქვს განსაზღვრული. შესაბამისად, რთულია რაიმე სთხოვო, როცა გეუბნება, რომ კანონს ვერ უჭერს მხარს, მაგრამ არეგულირებს პარტიაში.
_ როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? თუკი პარტიაში გენდერულ პოლიტიკას ატარებენ, რატომ ეწინააღმდეგებიან ამის კანონში ჩაწერას?
_ ზუსტად იმიტომ, რომ ნებისმიერი კვოტირება არის დემოკრატიის საწინააღმდეგო _ არ შეიძლება. ძალიან მშვიდად და წყნარად მიხსნიან ამას კოლეგები და ძნელია იქ კამათი. სხვათა შორის, არა მხოლოდ პარლამენტშია ამაზე აზრთა სხვადასხვაობა, არამედ აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. ამიტომ, რაღაც მომენტში გავჩერდით, რადგან კანონის მისაღებად საჭიროა 76 ხმა და არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლა 76 მხარდამჭერი იქნება. სჯობს, დარწმუნებული ვიყოთ, რომ კანონი გავა, ვიდრე ის, რომ ინიცირება გავაკეთოთ და ვერ გავიდეს. ჯერჯერობით, ამაზე მიდის მუშაობა და ვნახოთ.
_ 2016 წლის არჩევნებამდე ამ კანონს გაიტანთ?
_ ვერ გაგცემთ პასუხს. შეიძლება, მომავალ პარლამენტს გადავულოცოთ. თუმცა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მომავალი პარლამენტის შემადგენლობა ამ კანონის გარეშეც იქნება საამაყო, იმ გაგებით, რომ ძალიან ბევრი ქალბატონი მოხვდება საკანონმდებლო ორგანოში.
_ როგორც ვიცით, ამ კანონპროექტში საკრებულოებში პროპორციული წესით ასარჩევ ქალთა რაოდენობის გაზრდაზე არის ყურადღება გამახვილებული. პარლამენტის მსგავსად, ადგილობრივ თვითმმართველობაშიც ნაკლებად არიან ქალები წარმოდგენილნი.
_ მაგაზე ვისაუბრეთ კიდევაც პარტიული კონფერენციების დროს და აღვნიშნე _ სულ მამაკაცები რატომ ვართ, ქალებიც საჭიროა,-მეთქი.
_ სიტყვა ერთია და ქმედება მეორე. მაგალითად, წინა გადაცემაშიც გვქონდა ამ თემაზე საუბარი _ როცა ჩოხატაურში "ქართული ოცნების" ყრილობა ჩატარდა, საკრებულოს დეპუტატს, მაია პაიჭაძე სურვილი ჰქონდა, გამხდარიყო ბიუროს წევრი, მაგრამ ეს არ მოხერხდა. როგორ ფიქრობთ, რატომ ეწინააღმდეგებიან ამას პოლიტიკოსი მამაკაცები?
_ არ მგონია, ეწინააღმდეგებოდნენ. ჩემი ცხოვრებისეული პრინციპია, რომ უხეშად არაფერში ჩავერიო. ბიუროს დაკომპლექტების საკითხიც ადგილობრივების გადასაწყვეტი იყო. თუმცა, იქ მეც ვთქვი და კახი კალაძემაც, რომ აპრილში, "ქართულ ოცნებაში" შეიქმნება ქალთა საბჭოები. ეს მოხდება "ოცნების" ყრილობაზე და ავტომატურად გადავა რეგიონებშიც. რეალურად გამოჩნდნენ ისეთი ქალბატონები, რომლებიც მოხვდებიან საარჩევნო სიებში და იქნებიან მაჟორიტარობის კანდიდატებიც.
_ რამდენად გენდერული იქნება "ქართული ოცნების" საარჩევნო სია? კახი კალაძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ ეს პოლიტსაბჭოზე განიხილება.
_ ბოლო პერიოდში აქტიური კონფერენციების გამო, პოლიტსაბჭოს შეხვედრები არ გვქონია. მხოლოდ ვარაუდით შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებლად იქნება ისე, რომ ქართველი ქალბატონი ჟურნალისტების მოწონებასაც დავიმსახურებთ.
_ თქვენი მოსაზრებით, რამდენად მნიშვნელოვანია ქალის როლი პოლიტიკაში?
_ ამაზე არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი ისტორიული ფაქტების გათვალისწინებით. მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე, მითების სამყაროშიც კი, ყველაფერი ქალის სახელს უკავშირდებოდა. ქალი პოლიტიკოსი, ოღონდ ჭეშმარიტად პოლიტიკოსი, ეს არის ბრწყინვალე ჩემთვის და ბევრი რაღაცის გამო მისაღები. ქალები გაცილებით დამარწმუნებლად საუბრობენ, უფრო მეტად დიპლომატები არიან, _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას თემურ ჭკუასელმა და განმარტა, რომ დღეს, ხელისუფლებაში ძალიან ჭკვიანი ქალბატონები არიან.