Freedom House-მა ანგარიში გამოაქვეყნა, სახელწოდებით "ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2016".
ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება, ვრცლად არის მიმოხილული საქართველოში განვითარებული მოვლენები და დღეს არსებული მდგომარეობა.
საქართველოში არსებული მმართველობა შეფასებულია, როგორც "გარდამავალი ხელისუფლება ან ჰიბრიდული რეჟიმი".
ანგარიშის მიხედვით, შარშანდელთან შედარებით არ შეცვლილა მდგომარეობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეროვნული დემოკრატიული მმართველობა, საარჩევნო პროცესი, სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია, ადგილობრივი დემორკატიული მმართველობა, კორუფცია.
ერთადერთი ცვლილება მოხდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით. შარშანდელთან შედარებით მაჩვენებელი 5.00 პუნქტიდან 4.75 პუნქტამდე გაუმჯობესდა.
ანგარიშის ავტორები დადებითად აფასებენ, რომ 2015 წელს საქართველოში შეინიშნებოდა მეტი პოლიტიკური პლურალიზმი, ასევე შენელდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო დევნის პროცესი. თუმცა აღნიშნულია, რომ იყო სტაგნაციის ნიშნები მედიის თავისუფლების სფეროში.
ანგარიშის ავტორი მაიკლ ჩეჩირე, რომელიც ქართულ ნაწილზე მუშაობდა, "რუსთავი-2"-ის სასამართლო პროცესს განიხილავს და მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი ცდილობდა გავლენა მოეხდინა ამ პროცესებზე.
ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ რომ საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა იქნება საქართველოში.
"რუსთავი 2"-ის ბედი და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმე კვლავ განხილვის საგანი იქნება." – ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოში ეროვნული დემოკრატიული მმართველობის მდგომარეობის აღწერისას, აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ანგარიშის ავტორები ასევე მიიჩნევენ, რომ ოდესის მოქმედი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავის პარტიასთან ერთად , მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
ანგარიშის თანახმად, წელს დაგეგმილი არჩევნები განსაკუთრებით კონკურენტუნარიანი იქნება იმის ფონზე, რომ ამომრჩევლის უმეტესობას ჯერ არ აქვს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული. ამას უწყობს ასევე ხელს მზარდი ანტიდასავლური განწყობები და და ანტიდასავლური პოლიტიკის მხარდაჭერის გაზრდაც.
საქართველოში არასამთავრობო სექტორის მუშაობა დადებითად ფასდება, თუმცა ავტორი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ამა თუ იმ პარტიას, მოძრაობას თუ პიროვნებას ეკუთვნის.
"არსებობს მტკიცებულებები, რომ რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული ჯგუფები სულ უფრო ხშირად აფინანსებენ პრომოსკოვურ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში."– წერია Freedom House-ის ანგარიშში.
ანგარიშის ავტორების შეფასებით, ნეპოტიზმი ქართულ საზოგადოებაში მზარდ პრობლემას წარმოადგენს.
Freedom House ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს, სადაც მიმოიხილავს ყოფილი სოციალისტური ბლოკის ქვეყანებში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, დემოკრატიის განვითარებისა და სამოქალაქო უფლებების მდგომარეობას.