ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან არსებული ლიდერთა სკოლის ინიციატივით ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ბეგლარ სიორიძესთან შეხვედრა მოეწყო. შეხვედრამ ფინჯანი ჩაის თანხლებით, გულწრფელ და უშუალო გარემოში ჩაიარა.
ახალგაზრდებმა მერს ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვები, რომელიც მათი მოსაზრებით, ქალაქ ოზურგეთის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ახალგაზრდებმა მერს თავიანთი ხედვა გააცნეს და მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებით დაინტერესდნენ.
ლიდერთა სკოლის მოსწავლეები საგზაო ინფრასტრუქტურის, ავტოსადგომების, ქუჩაში საგზაო წესებისა და ნიშნების მოწესრიგების, განათების, გამწვანების, გარე ვაჭრობის და სხვა აქტუალური საკითხებით დაინტერესდნენ.
ქალაქის მერმა ახალგაზრდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა და აღნიშნულ საკითხებზე დეტალურად ისაუბრა.
"მიხარია, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი მოაზროვნე, განათლებული თაობა იზრდება. ყოველთვის მსიამოვნებს მათთან შეხვედრა, რადგან ამ ახალგაზრდებს გააზრებული აქვთ, რას ნიშნავს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ისინი ქალაქში არსებულ პრობლემებს საკუთარ საზრუნავად აღიქვამენ და მათი მოგვარების ჯანსაღი ხედვა აქვთ"- განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.
ლევან სიხარულიძე, ლიდერთა სკოლის მოსწავლე:
"ჩვენ ხშირად ვხვდებით ქალაქის მერს და ვაცნობთ ჩვენს დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, კოორდინირებულად ვთანამშრომლობთ, ვსაუბრობთ ყველაფერზე და ეს შეხვედრები მართლაც ნაყოფიერია. კარგია, როცა ქალაქის მერი ინტერესდება და ანგარიშს უწევს ახალგაზრდების აზრს.''
(R)