პირველი რევოლუციის დროს ხელისუფლება ჩვეულებისამებრ ყველაფერში გურულებს სდებდა ბრალს. მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, დამნაშავეები იყვნენ თუ არა _ რადგან რევოლუციონური მოძრაობა პირველად გურიაში გაჩაღდა და თავზარი დასცა მთავრობას, ამიტომ მოძრაობის ბელადათ არამც თუ საქართველოში, არამედ _ მთელ კავკასიაში გურიას თვლიდნენ.
პროპაგანდისტ აგიტატორების გაჩენას რომელიმე მაზრაში გურულების მოსვლად ხატავდნენ. ამით სხვა მაზრის უფროსები ბრალდებასაც იშორებდენ თავიდან: "რა ვქნათ, ჩვენი მაზრა მშვიდობიანია და არა რევოლუციონური, მხოლოდ ეს დაუმორჩილებელი გურულები გვიჯანყებენ ხალხსო.”
როდესაც სამეგრელოშიც იჩინა თავი განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, მაზრის უფროსი შეეკითხა გლეხებს: ,,რა გინდათ, რა გწადიათო!”
მეგრელებმაც უპასუხეს: ,,ჩვენ გვინდა ის, რაც გურულებს უნდათ.”
_ გურულებს, აბა, მათრახი სწადიათო, _ უთხრა მაზრის უფროსმა გლეხებს და მისცხეს მათრახი მეგრელებს.
ამონარიდი ირაკლი მახარაძის ახალი წიგნიდან ,,გურიის რესპუბლიკა გურიის გლეხთა მოძრაობა 1902-1906 წლებში".
ნახატზე მარცხნივ მეგრელი ჩოხაში, მარჯვნივ გურული – ჩაქურაში.