ევროკავშირსა და საქართველოს შორის "უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ'' შეთანხმება ძალაში შევიდა 2011 წლის პირველი მარტიდან.
შეთანხმების ძირითადი მიზანია თანამშრომლობის გაძლიერება ხელმომწერ მხარეებს შორის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში და პირთა უსაფრთხო დაბრუნება ევროპიდან საქართველოს მიმართულებით, ან პირიქით.
დღეს გერმანიამ ჩარტერული რეისით საქართველოს 21 მოქალაქის საქართველოში რეადმისია განახორციელა. რეადმისიაში მონაწილეობა მიიღო ოთხმა ფედერალურმა მიწამ: ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიამ, ბადენ-ვიურთემბერგმა, რაინლანდ-პფალცმა და ბავარიამ.
ავიარეისის დაგეგმვა და კოორდინაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გერმანიის ფედერალური პოლიციისა და ევროპის საზღვრის დაცვის სააგენტო "ფრონტექსის" ერთობლივი ძალისხმევით მოხდა.
გერმანიაში მცხოვრები საქართველოს 22 592 მოქალაქიდან, 2016 წლის 29 თებერვლის მონაცემებით, ქვეყნის დატოვების ვალდებულების მქონე იყო 2 240 პირი. გერმანიამ 2015 წელს თითქმის 300 ქართველის, ხოლო 2016 წლის იანვარ-თებერვალში, დაახლოებით, 50 ქართველის რეადმისია განახორციელა.
გერმანიიდან სხვადასხვა სახელმწიფოს მიმართულებით, განსაკუთრებით, დასავლეთ-ბალკანეთის ქვეყნებში, ამჟამად კვირაში ორი-სამი ჩარტერული რეისი სრულდება. გასულ წელს გერმანიამ ჯამში 20888 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქის დეპორტი განახორციელა, მათგან – 19712 საჰაერო გზით. წინა წელთან შედარებით, 2015 წელს ეს რიცხვი გაორმაგდა.
ფედერალური პოლიციის ინფორმაციით, წელს თებერვლის ჩათვლით, 4316 უცხოელი საკუთარ სამშობლოში იქნა რეადმისირებული.