ლანჩხუთის ერთ ულამაზეს სოფელში, არჩეულში, მამაპაპისეულ სახლში ცხოვრობს არაჩვეულებრივი ქალბატონი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ზოია ტუღუში, რომელიც რამდენიმე ათეული წელია, ეგნატე ნინოშვილის სახელობის მემორიალური მუზეუმის ფონდის მცველია და მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს განსაკუთრებული რუდუნებით აცნობს არამარტო მწერლის ცხოვრების ეპიზოდებს, არამედ სრულად აზიარებს მწერლის ეპოქისთვის დამახასიათებელ გურულ წეს-ჩვეულებებს.
ზოია ტუღუში სოფლის სკოლაში პატარებს ქართულ ენასა და ლიტერატურასაც ასწავლის. ყოველივე ამის პარალელურად კი 40 წელია, რაც გურული დარგობრივი ლექსიკის შესწავლითა და კვლევითაა დაკავებული: "იმედია, ათეული წლებისა და, ფაქტობრივად, მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში მოძიებული მასალები გურიის ფენომენის კვლევით დაინტერესებულ ყოველ პირს დახმარებას გაუწევს", _ ამბობს ქალბატონი ზოია.
იგი სამეცნიერო მოღვაწეობის 40 წლისთავთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში მორიგი, რიგით მეშვიდე, წიგნის გამოცემასაც გეგმავს, რომელსაც გურული სალექსიკონო და ეთნოგრაფიული კრებულის სახე ექნება.
ქალბატონ ზოიას გურული ლექსიკით დაინტერესება მის ახალგაზრდობის წლებს უკავშირდება. 1976 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ნინოშვილის მემორიალურ მუზეუმში მეცნიერ-თანამშრომლად. სწორედ აქედან გაუჩნდა სურვილი გურული ლექსიკური მასალების მოძიებისა და შესწავლის.
ჩვენი სტუმარი საკუთარ გულისტკივილსაც გვიმხელს. მისი თქმით, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სურვილი ჰქონდა სწავლა გაეგრძელებინა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1978 წელს შეიტანა კიდეც განაცხადი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საგანში მაღალი შეფასება მიიღო, მაინც ვერ მოხვდა.
მაგრამ პროფესორ ივანე ქავთარაძის რჩევით, რომელსაც განსაკუთრებული სითბოთი იგონებს ქალბატონი ზოია, ფარ-ხმალი მაინც არ დაყარა და დამოუკიდებლად გააგრძელა ძიება: "მინდა, უდიდესი სითბოთი და პატივისცემით მოვიგონო სულგანათლებული მეცნიერი, ივანე ქავთარაძე, რომელმაც გზა გამიკაფა მეცნიერებისკენ. სწორედ მისი შუამდგომლობით ამიყვანეს პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში, ქართული ენის კათედრაზე მაძიებლად. აქ მომეცა საშუალება, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმომეჩინა, ყოველ წელს მეძლეოდა საშუალება, მონაწილეობა მიმეღო რესპუბლიკურ თუ საინსტიტუტთაშორისო სამეცნიერო სესიების მუშაობაში, გამომექვეყნებინა ჩემი ნაშრომები აკადემიურ კრებულებში".
როგორც თავად ამბობს, დისერტაციის დაცვა, რომელზეც მუშაობას ოცი წელი მოანდომა, მისთვის თვითმიზანს არ წარმოადგენდა. მისთვის მთავარი იყო ფასეული მასალები მოეპოვებინა:
"ამას კი წლები სჭირდებოდა და მეც არ ვჩქარობდი. საკანდიდატო ნაშრომი დაცვისთვის, ფაქტობრივად, 1991 წელს მქონდა მზად და დაცვისთვის საჭირო პროცედურების გასავლელად ჩავაბარე მაშინდელ პუშკინის პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო დაცვის გადადება მომიწია. ნაშრომი, მოგვიანებით, 1997 წელს მოვიკითხე, მაგრამ აღარ დამხვდა. მომიხდა ასპირანტურის დამამთავრებელი გამოცდების ხელახლა ჩაბარება", _ გვიყვება ქალბატონი ზოია, რომლმაც სადისერტაციო ნაშრომი, რომელიც გურულ დარგობრივ ლექსიკას ეხებოდა, 1998 წელს ენათმეცნიერების ინსტიტუტში დაიცვა. ამის თაობაზე მაშინ ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ელენე ნიკოლაიშვილის სტატიაც დაიბეჭდა სათაურით _ "ახალი სიტყვა ქართული ენათმეცნიერების განვითარების საქმეში", რომელშიც ჩამოყალიბებული იყო იმხანად ცნობილი ენათმეცნიერების, გრამატიკოსების, ლექსიკოლოგებისა, ეთნოგრაფების, ფოლკლორისტების შეფასებები სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით, რაც ქალბატონ ზოიასთვის დღემდე ყველაზე დიდ ჯილდოს წარმოადგენს.
იმხანად იდეაში იყო კიდეც გურიაში გახსნილიყო დიუალექტოლოგიური კვლევითი ინსტიტუტი, სადაც მუშაობის პატივი ქალბატონ ზოიასაც მიეცემოდა. თუმცა, ეს იდეა არ განხორციელებულა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კვლევითი პროცესი დღემდე არ შეწყვეტილა _ ზოია ტუღუში, საკუთარ სამეცნიერო მოღვაწეობის 40 წლისთავთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში მორიგი,რიგით მეშვიდე წიგნის გამოცემას გეგმავს, რომელსაც გურული სალექსიკონო და ეთნოგრაფიული კრებულის სახე ექნება.
"ჩემი თვალსაწიერი გურიიდან იწყება და გურიას დასტრიალებს თავს. ჩემი პირველი წიგნი გურული მწერლის, ეგნატე ნინოშვილის შესახებ მოგონებებს მოიცავდა. სწორედ, გურიის სარკმლიდან დანახული ქართული სიტყვის იდუმალებათა ძიება, იმ მაგიური ძალის შეცნობა, რომელიც სიტყვას ღვთაებად ხდის, მიბიძგებდა დაუსრულებელი კვლევისა და ანალიზისკენ", _ ასე დაასრულა ჩვენთან საუბარი ზოია ტუღუშმა.