საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას განცხადებით, ის პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოსამართლის ბინით უზრუნველყოფა მოხდეს. აღნიშნული განცხადება ტურავამ ჟურნალისტებთან რამდენიმე წუთის წინ გაააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის უფრო დიდი პრობლემაა მოსამართლე ტურისტის ცხოვრებით ცხოვრობდეს, ვიდრე სახელმწიფოსგან საკუთრებაში ბინა მიიღოს.
"2006 წლიდან, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო თბილისიდან ბათუმში გადავიდა, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ბინით უზრუნველყოფილიყვნენ. კანონი ავალდებულებს სახელმწიფოს, შეუქმნას მოსამართლეს ღირსეული პირობები. აუცილებელია მოსამართლის ბინით უზრუნველყოფა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ საკონსტუტიციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც მუდმივად ჩემოდანზე იჯდება და ბათუმში ყოველ ჩასვლზე სასტუმროში უნდა ეძებოს ადგილები ან მივიდეს ნაცნობ -მეგობრებთან. წარმოუდგენელია სამოსამართლეო საქმის განხრციელება, თუ არ იქნება ღირსეული პირობები. ერთ წელზე მეტი გავიდა და ჯერ ჩემი ბინით უზრუნველყოფა არ მომხდარა. ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა ბათუმის მერიას და სთხოვა საკუთრებაში გადმოცემულიყო ფართი, რომელიც ეკონომიკის მართვის სააგენტოდან მე გადმომეცემა," – აღნიშნა ტურავამ და დასძინა რომ ანალოგიური სიტუაციიაა საქართველოს პარლამენტის წევრებთან დაკავშირებით და მისთვის გაუგებარია, რატომ შეიქმნა პრობლემა მაინცდამაინც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება იმას, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს ბინა საკუთრებაში მუდმივად უნდა გადაეცეს, თუ სამოსამართლო ვადით, ტურავა ფიქრობს, რომ ეს სახელწიფოს გადასაწყვეტია.
"როგორც ეკონომიკის სამინისტრო ანგარიშობს 10 წლის განმავლობაში გადახდილი ქირა არ იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე ბინის საკუთრებაში მიცემაა. აქედან გამომდინარე , სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ მოსამართლეს ჰქონდეს ოჯახთან ერთად ცხოვრების საშუალება, რადგან თუ მათ ბინა არ აქვთ, სრულყოფილ ღირსეულ სამოსამართლო საქმიანობას ვერ განახორციელებს,"- აღნიშნა ტურავამ.
მისივე თქმით, ბინის გადაცემა უხერხულობას არ ქმნის, რადგან მოსამართლეები სახელმწიფოსგან ხელფასსაც იღებენ.
"იმის გამო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასს ვიღებთ, ჩვენ არც ვართ და არც უნდა ვიყოთ სახელმწიფოზე დამოკიდებული ან სახელმწიფოს სასარგებლოდ მივიღოთ გადაწყვეტილება. ბინის გადმოცემა ერთჯერადი აქტია და მოსამართლეს როდესაც ბინა გადაეცემა, ამის შემდეგ უფრო იკარგება სახელმწიფოსთან კავშირი, ვიდრე 10 წლის განმავლობაში ქირის გამო სახელმწიფოზე დამოკიდებული იყოს,"- განაცხადა ტურავამ.
ჟურნალისტების კითხვზე, რა აზრი აქვს გიორგი პაპუაშვილის ბინით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით, ტურავამ აღნიშნა, რომ ამაზე კომენტარს არ გააკეთებს, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს ორი სხვადასხვა შემთხვევაა.
ამავე თემაზე:
მოსამართლეებისთვის უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემის მანკიერი პრაქტიკა გრძელდება
სახელმწიფომ მოსამართლეებისთვის ბინების ჩუქება აღარ უნდა გააგრძელოს