ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი ბენიამინ ჩხიკვიშვილი 1881 წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყვავისტყეში დაიბადა. ჩხიკვიშვილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს სხვადასხვა მაღალი თანამდებობები ეკავა.
დაამთავრა ჩოხატაურის ერთკლასიანი სასწავლებელი. აქიურად იყო ჩართული მეოცე საუკუნის დასაწყისის სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში. 1905 წელს იყო გურიაში მიმდინარე რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ნესტორ კალანდარიშვილთან ერთად უძღვებოდა ნასაკირალის ბრძოლას. გურიის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ იყო მისი მმართველი. ჰქონდა დიდი გავლენა.
მის განკარგულებაში იყო საგანგებო მატარებელი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ბათუმიდან და სამტრედიიდან აგზავნინდნენ გურიაში. დადიოდა დაცვით, ფლობდა ორატორულ ნიჭს. მისი თაოსნობით 1905 წელს დაშლილ იქნა ოზურგეთის საქალაქო საბჭო და მოწვეულ იქნა "გურიის დროებითი პარლამენტი", რომლის თავმჯდომარის არჩევნებში ჩხიკვიშვილმა 970 ხმიდან მიიღო 958 ხმა. მას უწოდებდნენ გურიის პრეზიდენტს და გურიის მეფესაც.
რევოლუციის დამარცხების შემდეგ ჩხიკვიშვილი გურიიდან გაიქცა. 1908 წელს ოდესაში გამართულ სასამართლო პროცესზე ბენია ჩხიკვიშვილს ოთხი წელი კატორღა მიუსაჯეს.
მოგვიანებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს ეკავა თბილისის მერის თანამდებობა (1919-20 წლებში). 1919-1921 წლებში იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. 1920 წელს იყო ქუთაისის, შემდეგ კი ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორი, რა თანამდებობაზეც დარჩა მთავრობის ემიგრაციაში წასვლამდე.
1921 წლის მარტში დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ჩხიკვიშვილი მენშევიკური მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გაიქცა ემიგრაციაში საფრანგეთში. იქ იყო ლევილ-სიურ-ორჟის, საქართველოს დევნილი მთავრობის ადგილსამყოფელი სოფლის მეპატრონე.
1924 წლის მაისში ჩხიკვიშვილი დაბრუნდა საქართველოში რათა მონაწილეობა მიეღო 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. ის 25 ივლისს დააპატიმრეს აჯანყების სხვა მეთაურებთან, გოგიტა ფაღავასთან, ნოე ხომერიკთან, ვასო ნოდიასთან, გიორგი წინამძღვრიშვილთან ერთად. დაპატიმრებულები დახვრიტეს რუსეთის ტერიტორიაზე.