"საქართველოს მთავრობა არის ის ზვიგენებთან მოთამაშე, ხეგლეჯია რუსი ოლიგარქი," _ ამ განცხადებას საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აკეთებს. საქართველოს ხელისუფლებასა და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილზე, სააკაშვილი პოსტკრიპტუმთან ინტერვიუში საუბრობს.
ოდესის ოლქის გუბერნატორი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა 4 წლიანი მმართველობის პირობებში, ქვეყანა მძიმე შედეგებამდე მიიყვანა.
„ეს არ არის საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობა არ არის ეს, რაც არ უნდა გვარი ერქვას, კვირიკაშვილი, ქიბროწაშვილი. საქართველოს მთავრობა არის ის ზვიგენებთან მოთამაშე, ხეგლეჯია რუსი ოლიგარქი, ამიტომ ნუ გვაცდენთ რაღაც სისულელეებზე ლაპარაკით, არის ის მმართველი და არის მისი შედეგები. არა მხოლოდ იმის გამო, რომ რუსებმა დაავალეს. რა თქმა უნდა რუსებმაც დაავალეს, ნუ ასეთი მძიმე რაღაცაა რა.
ყველაფერი არასწორად აქვს მოწყობილი. ეს პორნოკრატიაც მისი შედეგებია, გაჩერებული ლაზიკაც მისი შედეგია, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ბინებად გაყიდეს. ერთადერთი რაზეც მაქვს რევანშის განცდა და რაც მინდა რომ გავაკეთო, როგორც კი ესენი მოშორდებიან ბათუმის უნივერსიტეტი წამოვიღოთ უკან, შევაჩეროთ ბინებად მისი დაშლა,“ _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ქართული ოცნება ხალხის მოტყუებას და არჩევნების გაყალბებას ვერ შეძლებს.
„როგორც რუსთავი 2 ვერ აიღო, ისე არჩევნებს ვერ გააყალბებს. ის სენი როგორიც არის ივანიშვილი, არის ერთჯერადი, როგორც წითელა და მეორედ არ გემართება. ეს არის სახადი,“ _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.