"1905 წლის ბოლოს თბილისში შეიარაღებული აჯანყების ჩახშობის შემდეგ, დედაქალაქიდან გავიდა სადამსჯელო რაზმი ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით (1906 წლის იანვარში ის ქუთაისის დროებით გენერალ-გუბერნატორად იქნება დანიშნული), რომელიც დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებს შეესია.
მას დავალებული ჰქონდა მთავრობის დაწესებულებათა მუშაობის განახლება, რევოლუციური ორგანიზაციების, უჯრედების, შეიარაღებული რაზმების, საგაფიცვო და სხვა კომიტეტების განადგურება; ის არ უნდა შეჩერებულიყო ყველაზე სასტიკი ზომების მიღებისაგანაც, განურჩევლად ასაკისა და სქესისა ყველა უნდა დაესაჯა, რათა გუბერნიაში წესრიგის აღმდგარიყო და არავის მომავალში აზრადაც არ ჰქონოდა არათუ მთავრობის საწინააღმდეგოდ გამოსვლა, არამედ ხმის ამოღებაც კი.
"უწინ მე გელაპარაკებოდით, ახლა კი თოფები და ზარბაზნები დაგელაპარაკებიანო!" – განუცხადა ყვირილაში შეკრებილ ხალხს ალიხანოვ-ავარსკიმ. დამსჯელი ექსპედიციის ერთ-ერთი მონაწილე კაზაკი თურმე იძახდა: "ჩვენ გამოგვგზავნეს, რომ მეორედ დავიპყროთ კავკასია, ცეცხლითა და მახვილით. ჩვენი მოვალეობა ჩვენ წმინდათ უნდა შევასრულოთ. აი, როგორც ამ ჭიქას, ისე დავლევთ სისხლსაც…”
მათ პირველად გადაწვეს ნახევარი ხარაგოული, შემდეგ ზესტაფონში 200-ზე მეტი შენობა გაანადგურეს და მიწასთან გაასწორეს; სადგურ სვირზე დაწვეს 12 შენობა და საგურის უფროსს თავი მოკვეთეს; აჯამეთში ალიხანოვ-ავარსკიმ მასთან მოლაპარაკებაზე მისული დელეგაციის ცხრა წევრი ვაგონშივე ჩაცხრილა; რიონის სადგურზე დაწვეს დუქნები; შემდეგ ჯერი მიდგა ქუთაისზე, ჭიათურა-საჩხერესა და ბაღდათზე, სადაც უამრავი შენობა იყო დამწვარ-იავარქმნილი.
ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ დანაშაულებებისა, რასაც სადამსჯელო რაზმები სჩადიოდნენ დასავლეთ საქართველოში. მიუხედავად წინააღდეგობისა, წიფის გვირაბის ჩახერგვისა და ზოგიერთ უბანზე წითელრაზმელთა (,,ტიფლისკი ლისტოკ”-ის დახასიათებით გურულების ,,შაიკის”) გამარჯვებების მოპოვებისა, 1906 წლის ცხრა იანვრამდე დამსჯელმა ექსპედიციამ სარკინიგზო მაგისტრალი ქუთაისამდე აჯანყებულებისაგან მთლიანად გაწმინდა. "
ნაწყვეტი ირაკლი მახარაძის წიგნიდან "გურიის რესპუბლიკა"
ფოტოზე გადამწვარი ოზურგეთი