ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში მცხოვრებთა ერთი ნაწილი მდინარე ბჟუჟიდან ინერტული მასალის გატანის წინააღმდეგია.
"გასაჭირი გვაქვს. მდინარე ბჟუჟზე გაურკვეველი კომპანია ინერტული მასალის ამოღებას აწარმოებს. დიდი რაოდენობით ქვიშა გააქვთ. ზაფხულობით ამ მდინარეზე ჩვენი შვილები, შვილიშვილები ბანაობენ. დასასვენებლად წასასვლელი ფული ჩვენ არ გვაქვს და ადგილზე, იმის გამო რომ მდინარე კალაპოტს იცვლის, კაცმა არ იცის, რა უბედურება შეიძლება მოხდეს. გვინდა, რომ მდინარე დაუბრუნდეს მის კალაპოტს. მოგვშორდნენ ეს ყვითელი ტრაქტორები და დაგვანებონ თავი"_ გვითხრა სოფელ კვირიკეთში მცხოვრებმა ლეილა სადრაძემ.
"არაფერი კეთდება კარგი ამ საქმით. ერთი კომპანია წავა, შემდეგ ახალი მოვა. დავიღალეთ უკვე ამ პრობლემით,"_ თქვა ჩვენთან საუბრისას ნათელა ცეცხლაძემ.
"მოვითხოვთ შეწყდეს მდინარე ბჟუჟზე სამუშაოები. ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა. ახლა გვპირდებიან, რომ აუცილებლად მოხდება ამ პრობლემის მოგვარება და ვნახოთ,"_ გვითხრეს სოფელ კვირიკეთში მცხოვრებლებმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძის თქმით, სოფელ კვირიკეთში 2015 წლის ოქტომბრიდან მდინარე ბჟუჟზე მიმდინარეობს ქვა-ღორღის მოპოვების სამუშაოები ანუ ფაქტიურად მათ აქვთ კარიერი, რომელიც რეალურად ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. პირველი პრობლემა ის არის, რომ ინტენსიურად მიმიმდინარეობს სამუშაოები და ტექნიკა ჩადის ძალიან ღრმად.
"ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ ტრაქტორი 6 მეტრის სიღრმეზე ჩადის, ეს იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მომავალში არტეზიულ ჭებში წყალი დაშრება და მოსახლეობას პრობლემა შეექმნება. კიდევ ერთი პრობლემა მდინარეა. ერთ-ერთ ადგილზე არის გაკეთებული ძალიან დიდი ვარდნა, სადაც მდინარე მოდის თვითდინებით და შემდეგ არის ჩაღრმავება. ასეთი ვარდნები გამოიწვევს მდინარის უფრო მეტ აჩქარებას, რომელიც პრობლემას ქალაქის მცხოვრებლებსაც შეუქმნის. შეიძლება დაზიანდეს ელექტრობოძები, გაზსადენი და ა.შ. არის ასევე ლოკალური პრობლემები, რაც თვალსაჩინოა. ერთ-ერთმა მცხოვრებმა მოგვმართა, რომ მის საკარმიდამო ნაკვეთთან უკვე მოსულია წყალი და თუ მდინარე ადიდდა, მას მიწის დიდ ნაწილს წაართმევს," _ ამბობს თამაზ ტრაპაიძე.
მისივე თქმით, პრობლემის მოგვარება ადგილობრივ დონეზე ხდება.
"ადგილობრივი ხელისუფლება ლოკალურად აგვარებს პრობლემებს და ახლაც დაინტერესებულები არიან ეს საკითხი მოგვარდეს. თუმცა, უკვე მესამე კომპანია აწარმოებს სამუშაოებს. გურიის გუბერნატორის მოადგილე იმყოფებოდა დღეს მოსახლეობასთან შეხვედრაზე და დაპირდა, რომ ხვალ შეხვდებიან კომპანიის წარმომადგენლებს. წინა ორმა კომპანიამ შეაჩერა სამუშაოები, მაგრამ ახლა აგრძელებს სხვა."– აღნიშნავს ტრაპაიძე.
"ლიცენზიები ინერტული მასალების მწარმოებელ კომპანიებზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაიცემა. შესაბამისად, შემოქმედის თემის სოფელ კვირიკეთში ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე ლიცენზია ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არ გაუცია" _ განაცხადეს ჩვენთან საუბრისას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
სოფელ კვირიკეთში იმყოფებოდა გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილიც.
"სოფელ კვირიკეთში მდინარე ბჟუჟზე ქვა-ღორღის ამოღების სამუშაოების გამო მდინარემ შეიცვალა ბუნებრივი კალაპოტი, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობის თხილის ნერგებს, საყანე ფართობს და ა.შ. ამ საკითხის მოგვარებაში დიდი ხანია ვარ ჩართული, მოლაპარაკებებს ვაწარმოებ კერძო კომპანიასთან. ისინი ხვალ ჩამოვლენ და დავიწყებთ მოლაპარაკებას." -გვითხრა სოსო ერქომაიშვილმა.
ამ ეტაპზე სოსო ერქომაიშვილმა არ გაგვიმხილა, რომელ კომპანიასთან აქვს მოლაპარაკებები.
"მედიისთვის ყველაფერი გახდება ცნობილი. დეტალებს ვადგენთ და აუცილებლად გეტყვით. ეს იქნება საქმიანი შეხვედრა. არის საშიშროება, რომ მდინარემ იპოდრომი წაიღოს და აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა დროულად უნდა მოგვარდეს." – გვითხრა სოსო ერქომაიშვილმა.