საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სტრატეგიულ პროექტებსა და ინიციატივებში.
"ურთიერთკავშირების გაძლიერება, განსაკუთრებით ენერგოუსაფრთხოების და ტრანსპორტის სფეროებში სტრატეგიული მნიშვნელობისაა როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირისთვის. საქართველო, როგორც ევროკავშირის საიმედო ენერგო გამტარი პარტნიორი ისწრაფვის მიიღოს აქტიური მონაწილეობა მსხვილ სტრატეგიულ პროექტებსა და ინიციატივებში",- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მისივე თქმით, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის გაღრმავება, რომელიც დაუპირისპირდება რუსეთის მზარდ პროპაგანდას
"ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის მზადყოფნას გააძლიეროს ძალისხმევა სტრატეგიულ კომუნიკაციაში და მომხრენი ვართ აქტიურად შევუწყოთ ხელი ამ პროცესს,"– აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობის გაღრმავებისა და გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აღნიშნული კომიტეტის როლი უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ხელშესაწყობად, ხალხისა და რეგიონის საკეთილდღეოდ.