ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდური ჩემპიონატის ფინალში კი რუსეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს და კონტინენტის ჩემპიონები მერვედ გახდნენ.
ევროპის ჩემპიონებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დახვდა და წარმატება მიულოცა.
ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა მასპინძელი რუსეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს. ფინალურ დაპირისპირებაში გამარჯვებები ნუგზარ ტატალაშვილმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვეს.
ფინალურ შეხვედრამდე, საქართველოს ნაკრების წევრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის 1/8 ფინალში უნგრეთი 5:0, 1/4 ფინალში საბერძნეთი 4:1, ხოლო 1/2 ფინალში პოლონეთის ნაკრები 4:1 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა მერვედ მოიპოვა. ინდივიდუალურ ჩათვლაში კი ევროპის ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (-66) და ვარლამ ლიპარტელიანი (-90) გახდნენ, ვერცხლის მედლები ლაშა შავდათუშვილმა (-73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილმა (-81 კგ) და ესტერ სტამმა (-70 კგ) მოიპოვეს, 2 ბრინჯაო კი ნუგზარ ტატალაშვილმა (-73 კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100 კგ) აიღეს.