გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე და ამავე სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი კარლო ამირგულაშვილი ოზურგეთის მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ახალი სატყეო კოდექსის შესახებ ესაუბრნენ.
შეხვედრის შემდეგ ჩვენ ვესაუბრეთ ბესარიონ აბაშიძეს, საქართველოს დასავლეთ ნაწილში კოლხური ბზის განადგურების სავალალო შედეგზე, მისი აღდგენის გზებსა და მიზნებზე, რეალურად რა სამუშაოები ტარდება დღეს უკვე განადგურებული ბზის პრობლემების საკვლევად და მის აღსადგენად.
_ ბატონო ბესარიონ, სამწუხაროდ, წლების წინ არავინ მოუსმინა მეცნიერ ანგელინა ნიკოლაიშვილს, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა, ბზა საკარანტინო ნუსხაში შეეტანათ და საკარანტინო ობიექტად ბზის ალურა გამოეცხადებინათ. მაშინ ჯერ კიდევ არსად იყო ერთი ძირი გამხმარი ბზაც და შესაბამისმა სტრუქტურებმა არ დაუჯერეს მეცნიერს…
_ ეს სამწუხარო რეალობაა. ბზის სიდამწვრემ, ანუ სოკოვანმა დაავადებამ და მავნებელმა ალურამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ჩვენში ბზის კორომები. ახლა ბზის არსებობა ჩვენში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
_თუ გატარდა სერიოზული ღონისძიება, რის მეშვეობითაც დადგინდებოდა ბზის განადგურების უპირველესი მიზეზი?
_ პრობლემის კვლევა სერიოზულად მოხდა უცხოეთიდან სპეციალურად მოწვეული სპეციალისტების მიერ. მათ აიღეს სინჯები, როგორც მცენარის ფოთლების და ტოტების, ისე მიწის სახით და შემდეგ გამოკვლევა ისევ უცხოეთის ლაბორატორიებში მოხდა. ალურას შესახებ უკვე ცნობილია, სოკოვანი დაავადების მიზეზი კი ჯერ არ არის მოკვლეული.
_ თუ ტარდება ღონისძიება დარჩენილი კორომების გადასარჩენად და ასევე განადგურებულის აღსადგენად?
_ მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც არსებობს გადარჩენილი კორომები, რომელთაც საგანგებო მოვლა სჭირდება. საამისოდ ტარდება ღონისძიება. ამ კორომებში დარჩენილი სადედე მასალისგან ხდება კალმების აღება. წელს უკვე აღებული გვაქვს 6 ათასი კალამი. ზოგადად, აუცილებლად უნდა მოხდეს დედა-სანერგის მოწყობა, საიდანაც მერე უპრობლემოდ მოხდება კალმების აღება.
_ თუ ბზის სოკოვანი დაავადების მიზეზის მოკვლევა ვერ მოხერხდა, მხოლოდ ბზის ალურის წინააღმდეგ ბრძოლამ, შეიძლება, სასურველი შედეგი მოგვცეს?
_სასურველი არა, მაგრამ განადგურების პროცესი შენელდება. ამასთანავე, არ შეიძლება შედეგი არ გამოიღოს მეცნიერთა ძალისხმევამ ბზის სოკოვანი დაავადების ანუ სიდამწვრის წინააღმდეგ. ვიმედოვნებ, შედეგი მალე დადგება.