სოციალური მიზნით საქართველოს ტყეების მასშტაბურმა ექსპლოატაციამ, რომელიც ბოლო ორი–სამი ათწლეულია, მიმდინარეობს, ქვეყანა ახლო მომავალში შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფისა და სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დააყენოს.
მომავალი 2016 – 2017 წწ. ზამთრისთვის ტყეებიდან შეშის იმ რაოდენობის მეოთხედის გამოტანაც ვეღარ მოხერხდება, რაც მოსახლეობამ თუნდაც გასული ზამთრის პერიოდში მოიხმარა. ამას ადასტურებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეგიდით და ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტების უშუალო მონაწილეობით განხორციელებული კვლევები.
შეშის არსებული დეფიციტის შევსება საქართველოს მთავრობისთვის მართლაც რთული გამოწვევაა და ერთი სამინისტროს კომპეტენციას უთუოდ სცილდება. თუმცა, არსებობს ალტერნატიული სათბობი რესურსი, რომლის დამზადებას და მოსახლეობისთვის მიწოდებას სწორედ სატყეო სააგენტო გეგმავს. აქ იგულისხმება ტყეებში არსებული ბიომასა.
უკვე დაწყებულია სამუშაოები დაავადებულ და ჭრაგავლილ ტყეკაფებში წარმოქმნილი ნარჩენის გამოტანისა და ამ ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის მიმართულებით; განიხილება ნარჩენების მართვის წარმოების ეკონომიკური წახალისება და თანამშრომლობა ტყის ნარჩენების წარმომქმნელი კომპანიებთან (ლიცენზიანტებთან).
დღის წესრიგში ასევე დგება ენერგოეფექტური ღუმელების წარმოების საკითხი, რომელიც გათვლილი იქნება ბრიკეტებისა და ქვანახშირის გამოყენებაზე. ახმეტაში დაწყებულია ბრიკეტების წარმოების სახელმწიფო სადემონსტრაციო პროექტის განხორციელება. ანალოგიური პროექტების განხორციელებას იწყებენ კერძო კომპანიებიც.
ერთერთი მიმართულება, რომლის გადამოწმებაც ეროვნულმა სატყეო სააგენტომ CENN – თან ერთად დაიწყო, დეგრადირებული ტყეების აღდგენის მიზნით შქერიანების გამოხშირვისა და მისგან ბრიკეტის წარმოების დაგეგმვაა.