სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დღეს „სპორტის რაინდის“ წოდებას მიანიჭებს _
ნონა გაფრინდაშვილი 75 წლისაა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციას დაგეგმილი აქვს შემდეგი ღონისძიებები: 17:00 _ ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ვარსკვლავის გახსნა ჭადრაკის სასახლის წინ; 18:00 _ საიუბილეო საღამო შოთა რუსთაველის თეატრში.
ქალბატონი ნონა მსოფლიო სპორტის სიამაყეა _- ის პირველი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია და ამავდროულად პირველი ქალი, რომელმაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ვაჟთა შორის მოიპოვა! ნონა გაფრინდაშვილი საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულიცაა.
ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად 1962 წელს მოიგო, 1965, 1969, 1972 და 1975 წლებში კი კიდევ ოთხჯერ იზეიმა გამარჯვება! ქალბატონი ნონა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელია, ვეტერანთა შორის კი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი.
1989 წელს ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს, 1996 წლიდან კი ის სეოკ-ის საპატიო პრეზიდენტია.
1996 წელს ქალბატონი ნონა სამი უმაღლესი სპორტული ორდენით დაჯილდოვდა: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის საპატიო და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ორდენებით.
1999 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარა. 2001 წელს თბილისის ჭადრაკის სასახლეს მისი სახელი მიენიჭა.