მომავალი პლენარული სხდომების გამართვის თარიღზე, საორგანიზაციო საკითხებსა და დღის წესრიგზე იმსჯელეს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების სრულად განხილვის მიზნით, სავარაუდოდ, პარლამენტი უქმე დღეებშიც იმუშავებს. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განმარტებით, პარლამენტს გასულ სასესიო კვირაში განუხილველი დარჩა საკონსტიტუციო ცვლილება, გარდა ამისა, პარლამენტმა უნდა მოისმინოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანიზაციების ყოველწლიური ანგარიშები.
„მომავალი კვირის განმავლობაში რამდენიმე დღე უქმეა. პლენარული სხდომების დაგეგმვისას ეს უნდა გავითვალისწინოთ. გახსოვთ, რომ ანგარიშების განხილვას წინა წლებში შემოდგომაზეც ვაგრძელებდით. ახლა ამის საშუალება არ გვაქვს.
პარლამენტმა არ შეიძლება დაამთავროს მუშაობა ისე, რომ ჩვენ წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშები სრულფასოვნად არ მოვისმინოთ და არ განვიხილოთ პლენარულ სხდომაზე“, _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მან, ასევე, ისაუბრა 26 მაისის კვირის პლენარული სხდომების შესახებ, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი და საქართველოს პარლამენტი სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრებს ელოდება.
მისი თქმით, ამ დროისთვის უკვე 5 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს აქვს დადასტურებული საქართველოში ვიზიტი. „
იმის გათვალისწინებით, რომ მომავალი სექტემბერი პრაქტიკულად საარჩევნო კამპანიის დროა, პარლამენტმა ინტენსიურად უნდა იმუშაოს მაისსა და ივნისში“, _ აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პლენარული სხდომების გრაფიკი მას შემდეგ დაზუსტდება, რაც პარლამენტის თავმჯდომარე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს ამ საკითხზე საკონსულტაციოდ შეხვდება.
„შეიძლება ერთობლივი შეხვედრაც ჩავატაროთ და დავგეგმოთ პლენარული სხდომების გრაფიკი. სრულიად აშკარაა, რომ გვჭირდება დამატებითი დღეები, ეს ერთი, და მეორეც, იმ დღეების საკომპენსაციოდ, როცა ძალიან რთული იქნება ქუთაისში სხდომების ჩატარება, საჭიროა დავგეგმოთ, როგორ გავივლით ამ თვეს“, _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება მომავალი კვირის ბიუროს სხდომას, დავით უსუფაშვილის განცხადებით, იგი 10 მაისს, 13 საათზე თბილისში გაიმართება.