კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის 2016 წლის კვლევის თანახმად, 2015 წელთან შედარებით მცირედით გაზრდილია ინტენეტის ყოველდღე მომხმარებელთა რაოდენობა.
კითხვაზე, რამდენად ხშირად სარგებლობთ ინტერნეტით, გამოკითხულთა 40% პასუხობს, რომ ინტერნეტს ყოველდღიურად იყენებს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5%-ით აღემატება. გასული წლის კვლევის შედეგებით, ყოველდღიურად ინტერნეტს მხოლოდ 35% იყენებდა.
ამავე კვლევით შემცირებულია, თუმცა კვლავინდებურად მაღალია, იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც არასოდეს სარგებლობენ ინტერნეტით. მათი რაოდენობა 43%-ს აღწევს, რაც 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.
ანალოგიური გამოკითხვა 2013 წელსაც ჩატარდა. მაშინ ინტერნეტით მოსახლეობის 47% არ სარგებლობა. ეს საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ინტერნეტის მოხმარება მოსახლეობაში მზარდია.
ამავე კვლევით 2016 წელს, გამოკითხულთა მხოლოდ 1%-მა დააფიქსირა აზრი, რომ არ იცის რა არის ინტერნეტი, რაც 2015 წლის მონაცემს ემთხვევა.
ყველაზე ხშირად ინტერნეტს სოციალური ქსელების მოხმარების მიზნით იყენებენ. მაღალია ინტერნეტის, როგორც ახალი ამბების მოძიების წყაროს გამოყენების მაჩვენებელიც.
საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი Facebook-ია. ინტერნეტის მომხმარებელთა 40%-ზე მეტი კი Odnoklasniki-თაც სარგებლობს. Twitter-ის მომხმარებელთა რიცხვი საქართველოში უმნიშვნელოა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" დაკვეთით, კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 2016 წლის 16-28 მარტს ჩაატარა, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2032 მოქალაქე.