ფემიციდი – გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა, შესაძლოა "სისხლის სამართლის კოდექსის" სპეციალური მუხლით დასჯადი ქმედება გახდეს. კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, ფემიციდი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადადის.
დეპუტატების, თამარ კორძაიასა და თამარ ხიდაშელის მიერ პარლამენტში ინიცირებული პროექტი, რომლის თანახმად, ფემიციდი – გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის ან ოჯახის სხვა წევრის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 11-დან 14-წლამდე. თუ იგივე ქმედება ჩადენილია ორსული ქალის, არასრულწლოვანის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ჯგუფურად, სასჯელი იქნება თავისუფლების აღკვეთა ვადით 13-დან 17 წლამდე.
პროექტის მიხედვით, აღნიშნული ქმედება ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით; შეკვეთით – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
გარდა ამისა, ცვლილებები ითვალისწინებს გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებად აღიარებას ისეთ დანაშაულებთან მიმართებაში, როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და მსუბუქი დაზიანება, ცემა, ძალადობა, იძულება და მუქარა.
"2015 წელს, ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება 26 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. ასევე, ოჯახს წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების ორ შემთხვევას გარდაცვალება მოჰყვა. მეუღლეთა და პარტნიორთა მხრიდან ქალთა მკვლელობის თვალსაზრისით კიდევ უფრო მძიმე ვითარება 2014 წელს იყო, როდესაც წლის განმავლობაში, 33 ქალი მოკლეს. გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის საერთო რიცხვმა ორი წლის მონაცემებით 60-ს გადააჭარბა, რაც საგანგაშო სტატისტიკაა", _ აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.