მე ზუსტად ვიცი ის, რაც ნატო-ს სამიტებსა და მინისტერიალებზე ხდება, ვიცი, რომ საქართველო ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება, _ განაცხადა გადაცემა 2030-ში თინა ხიდაშელმა.
მისი განცხადებით, დეკემბერში მონტენეგროს ნატო-ს წევრობისთვის მიწვევა საუკეთესო დასტურია იმისა, რომ ღია კარის პოლიტიკა გრძელდება და პროპაგანდისტული მანქანის აქტიური მუშაობის მიუხედავად, ნატო-ს კარი არავის ჩაუკეტავს.
„მინისტერიალიდან გამოსული საგარეო საქმეთა მინისტრების უდიდესმა უმრავლესობამ თქვა, რომ შემდეგი გაჩერება საქართველოა. დეკემბრის მინისტერიალის ტექსტი, რომლის ნიველირებასაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, სრულიად ცალსახად ამბობს ზუსტად იმას, რასაც ჩვენ ვითხოვდით, რომ მაპი პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესის ნაწილია და რომ საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად ყველა ინსტრუმენტი და მექანიზმი აქვს”, _ განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრმა გადაცემა 2030-ში ვარშავის სამიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვარშავიდან იმ წინადადებათა პაკეტის რეალიზებას ელოდება, რომელიც თებერვალში თავდაცვის მინსიტერიალზე საქართველომ წარადგინა და, რომლის ამოცანაა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაცილებით უფრო ფართო და შეჩერების პოლიტიკის ეფექტურობისთვის მეტი შესაძლებლობების მატარებელი იყოს.
როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, ვარშავის სამიტზე ის თავდაცვის მინისტრის რანგში გაემგზავრება.
„ვარშავის სამიტზე საქართველოს ქვეყნის მეთაური წარადგენს და არა _- თინა ხიდაშელი. ახლა, არ შემიძლია გითხრათ, დელეგაციის ხელმძღვანელი ვინ იქნება, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ვარშავის სამიტზე მე თავდაცვის მინისტრი ვიქნები", _ განაცხადა თინა ხიდაშელმა.