ეს იყო შემზარავი ტრაგედია _ დედას საოცარი შვილები ჰყავდა, რომელთაგან ჯერ უფროსი, გიორგი მარშანია ტრაგიკულად დაიღუპა 16 წლის ასაკში, მერე კი, ხუთი წლის შუალედით, 18 წლის ნინო მარშანია ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა. ოზურგეთში, დაბა ანასეულში გაზრდილ და-ძმას, განსაკუთრებული ნიჭიერებითა და სილამაზით რომ გამოირჩეოდნენ, დღემდე დანანებით იგონებენ. გიორგი იმ წელს ამთავრებდა სკოლას, გამოსაშვები საღამოსთვის ემზადებოდა. ავბედითად მოჭრილმა ხის ვარჯმა იმსხვეპლა ბიჭი. ნინოს იმედად მსუნთქავ მშობლებს კიდევ ხუთი წლის შემდეგ, გოგონას ავტოავარიაში სიკვდილით, წუთისოფელმა სასიცოცხლო გზა მოუჭრა… ძაძა ჩაიცვა ანასეულმა.
…ოჯახის მეორე ტრაგედია 14 წლის წინ მოხდა. ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი გოგონა საქმრომ ოჯახში მიიყვანა, თავის დაბადების დღეზე. მშობლებს გააცნო, ნახეთ, უფალი როგორ ბედნიერებას მჩუქნისო. გახარებულ დედ-მამას უთქვამს, დღესვე დარჩესო ოჯახში… თუმცა, ტრადიციულად გაზრდილ გოგონას არ სურდა, მშობლებისთვის გული ეტკინა და მოკრძალებით განუცხადებია, შინ უნდა დავბრუნდე, მშობლებს უნდა შევუთანხმდე და და ქორწილის დღეც მალე დადგებაო. უკან მომავალთ კი საბედისწერო ავტოკატასტროფა შეემთხვათ. ნინო დაიღუპა…
ნინო მარშანიას გარეგნული მშვენიერება თანხვედრაში იყო მის გამორჩეულ ნიჭიერებასთან. საკვირველია გოგონას წინასწარმეტყველება მოახლოებული სიკვდილის შესახებ, რომელიც მის ნოველებსა და მხატვრულ ჩანაწერებში ყოველ აბზაცში ღიად იგრძნობა. ხატავდა თავდავიწყებით. წერდა ნიჭიერად, სადად, ბუნებრივად, ლამაზი ქართულით, ხშირად უღრმავდებოდა სამყაროს იდუმალებას:
რატომ საუბრობდა 19 წლის გოგონა ასე ხშირად სიკვდილზე და მასთან წილნაყარ სიყვარულზე? სტრიქონებში აშკარად იკითხება წინათგრძნობა, ხშირად გასაკვირიც:
"მოდი სიკვდილის შემდეგ ჩემთან, მარადისობაში და სიყვარულით ვიცხოვროთ. როცა იმ ქვეყანას ერთმანეთს შევხვდებით, თუ დამინახავ, შენსკენ ზურგით ვიდგე, მომეპარე, თმები გადამიწიე და კისერზე მაკოცე. მე თვალებს დავხუჭავ და გეტყვი: "სიცოცხლევ, როგორ მიყვარხარ!"
ახლა ვნახოთ: ზოგად მხატვრულ აზროვნებაში ასე ცნობილი ჭადრის ყვითელი ფოთლის შესახებ როგორ საუბრობს ნინო მარშანია. მისი ხედვა სულ სხვა, ახალი და ორიგინალურია: "დაკვირვებიხარ სადმე ჭადრის ყვითელ ფოთოლს? ამ ამ ფოთოლზე მრავალი ფერია, სიცოცხლის, სიკვდილის და მარადისობის ! მოდი სიკვდილის შემდეგ ჩემთან, ამ მარადისობაში…"
რაც შეეხება ყოფნა-არყოფნის ზოგადსაკაცობრიო საკითხავს, აქაც გამორჩეულ ფენომენთან გვაქვს საქმე _ ნინო მარშანიას, 19 წლის გოგონას ცნობიერი განსხვავებულ, ახალ მიდგომას ახმოვანებს: "მთელი ცხოვრება ვეძებდი პასუხს კითხვაზე, რისთვის მოვედი ან რატომ მოდიან და მიდიან ადამიანები თუ მათი ამქვეყნიური არსებობა წამიერი უძილობაა და მეტი არაფერი!"
"უნდა ცოცხლობდე სულის იმ ნაწილით, რომელსაც უკვდავება ჰქვია და სიკვდილის არ ეშინია! სულის ეს ნაწილი სიყვარულია!"
როცა ამქვეყნიურ ყოფნას წამიერ უძილობას ადარებს, შესატყვისი და ლოგიკურია მომდევნო განცდაც: "სიცოცხლის ზარებს ვეპოტინები!"
ნინო მარშანიას სიყვარული ხელოვნების ყველა დარგისადმი იგრძნობა, თუმცა ხატვისას გაცილებით ლაღად გრძნობდა თავს. ნახატი სიყვარულზე, თავისი მხატვრული კონტექსტით, გოგონას ორიგინალურ ხელწერას გვაჩვენებს, თითქოს მარადისობის მოახლოებულ გზაგასაყართან მდგარი რომ ჩურჩულებს: "სიცოცხლის ზარებს ვეპოტინები, რომ მაგრად შემოვკრა, მიძინებული სამყარო გამოვარკვიო, ყველას ჩავძახო: სხვა პლანეტებმა ექო გამოსცეს, რომ სპეტაკ სიყვარულს, თუკი ვინმემ მოგიძღვნა, გაფრთხილება უნდა, გახსოვდეთ…"
ამ მრავალწერტილით მთავრდება 2000 წლის მაისში დაწერილი ეს სტრიქონები _ გულის ამტკივებელი წინათგრძნობა თუ იდუმალი ხილვა მოახლოებული გარდაცვალებისა.
რაც შეეხება სიყვარულზე მისეულ ხედვას, ნინო მარშანია აქაც ორიგინალური და იდუმალია: " მე რომ შემეძლოს, დაგხატავდი არა ისეთს, როგორიც ხარ, არამედ ისეთს, როგორიც მე მინდა, იყო და მთელ ქვეყნიერებაზე ვერავინ მიხვდებოდა ჩემს მეტი, რომ ეს შენ ხარ!"
ნინო მარშანია ახლა 31 წლის იქნებოდა და ადვილი შესაძლებელია, ხელოვნების რომელიმე დარგის ცნობილი შემოქმედი ჰყოლოდა ჩვენს ხალხს.
დედამ, ნანა ელიაშვილმა გაუძლო ტრაგედიას და "სიცოცხლის ზარებს" მესამე შვილით, გიორგით ეპოტინება. ის და-ძმის დაღუპვის შემდეგ მოუვლინა უფალმა მარშანიების ოჯახს.
ის შვილების ხსოვნას მათივე სურათებსა და ნაქონ ნივთებში თუ მხატვრულ ნაწერებში ხედავს და პოულობს, თან გიორგის აცნობს, რომელიც ახლა ოზურგეთის მეხუთე საჯარო სკოლის მეექვსეკლასელია და ძალიან ჰგავს ადრე წასულ და-ძმას.
სულის შემძვრელია ნანა ელიაშვილის მიერ შვილებისადმი მიწერილი ბარათი:
"ჩემი სულის დიდო ტკივილო! ჩემო ნინო და გია! რომ იცოდეთ, როგორ მენატრებით! ერთ წუთსაც ვერ ვიჭერ, თქვენზე რომ არ ვფიქრობდე… როგორ მინდა, გული გადაგიშალოთ: ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ხელოვნურად ვქმნი. ფიზიკურად ვუძლებ, მაგრამ გაძლება ხომ შეგუება არაა. ერთადერთი ნათელი სხივი, რომელიც თქვენი წასვლის შემდეგ გაჩნდა, ჩემი პატარა გიორგია, თქვენი ძმა! მინდა ამ ნათელ სხივს გავაყოლო მზერა და დავინახო, რომ ქვეყნად არსებობს ჭეშმარიტება და კეთილშობილება. მიუხედავად დიდი მარცხისა, ზღვა ენერგიას ვგრძნობ. გიორგი მაძლევს ძალას, რომლითაც ვებრძვი ახალ ცხოვრებას. დარწმუნებული ვარ, მომიწონებთ ამ საქციელს, ჩემო ჭკვიანებო! საამაყო შვილებო! არ მინდოდა მხოლოდ დამსხვრეულ ოცნებებზე დარჩენა… არ ვიცი, მომავალი რას მიმზადებს… იქნებ, ოდნავი სიმაღლე მელოდება, არა დიდებისთვის, არამედ საკუთარი მარცხის მივიწყებისთვის…"
დედის წერილი უნებლიე გამოძახილია შვილის დაუცხრომელი სურვილისა: "სიცოცხლის ზარებს ვეპოტინები"… ეს ის ზარებია, რომლის ხმა თუნდაც ასგზის დაცემულს, კვლავ ფეხზე რომ წამოაყენებს და ადამიანს გასაჭირთან არდანებების განცდით აღავსებს.
ნინო და გია მარშანიების, ამ საოცარი ახალგაზრდების გახსენება თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ კიდევ უფრო ახლოს გაიცნოს ისინი ახალგაზრდობამ, განსაკუთრებით გაეცნონ ნინო მარშანიას შემოქმედებას, რომლის წაკითხვა გულგრილს არავის დატოვებს.