პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე ოფიციალური განცხადება დღეს გაავრცელა.
"საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელი ამბობს, რომ საკუთარი გამოცდილების ქვეყნისთვის გამოყენება სურს:
_ მინდა ხელი შევუწყო ნიჭიერი და გულწრფელი ადამიანების გაერთიანებას, ერთ გუნდად შეკვრას და მათთან ერთად დაუღალავ შრომას.
და ასეთი ადამიანები ჩვენს გუნდში არიან, და იქნებიან მნიშვნელოვნად მეტნი, იმდენი, რამდენიც საჭიროა, რომ ქვეყანას ჰქონდეს დიდი წარმატებები.
გვინდა ის, რომ ქვეყანამ არ გადაუხვიოს ევროპულ გზას, გვინდა რომ ამ ევროპულ ოჯახში დავიწყოთ ცხოვრება, გვინდა, რომ ვიყოთ არა მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, არამედ ღირსეული, საკუთარი ტრადიციების მქონე, დამოუკიდებელი და სამაგალითო.
გვინდა, რომ ევროპულ ოჯახში თანაცხოვრებით მოვიგოთ ჩვენ და გავამდიდროთ ევროკავშირი ჩვენი ღირებულებებით" _ აღნიშნავს ბურჭულაძე.
ამავე განცხადებაში მსოფლიო ბანი ბიძინა ივანიშვილზეც აკეთებს მინიშნებებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანას არაფორმალური ბატონი არ უნდა ჰყავდეს:
_ არ გვინდა, რომ ქვეყანას ჰყავდეს არაფორმალური ბატონი და მისი გემოვნებით ვცხოვრობდეთ, მისივე გემოვნებით შექმნილ სამყაროში.
არ გვინდა, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელი მდგომარეობა, როდესაც სხვაგან, დასავლეთში თუ აღმოსავლეთში გაკეთებულ შეფასებებს ველოდებოდეთ ყოველ დილით, გადიდებული თვალებით და მოლოდინში გასუსულები, რას იტყვიან ჩვენზე, შეგვიშვებენ თუ არა რომელიმე ქვეყანაში, დაგვეხმარებიან თუ არა ფულით, პოლიტიკური განცხადებებით თუ დემოკრატიის მშენებლობაში რჩევებით.
გვინდა ვიყოთ ფრანგების, გერმანელების, ამერიკელების, ინგლისელების, უელსელების, შოტლანდიელებისა და ირლანდიელების, ნორვეგიელების, შვედებისა და დანიელების, ესპანელებისა და იტალიელების მეგობარი, ყველა ევროპელის მეგობარი, მათი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, ჩვენი ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი, ევროპის განუყოფელი ნაწილი, ევროპელების ტოლი და სწორი, და არა ღარიბი, კორუმპირებული და ოკუპირებული, რომელსაც სულ ხელი აქვს გაწვდილი, რომელიც სულ დახმარებას ითხოვს, დაჩოქილია, შეშინებული და უთავმოყვარეო.
ჩვენ ვართ ქართველები! გვქვია საქართველო! ჩვენ, ყველანი, ყველა ერის წარმომადგენელი ვცხოვრობთ ერთ სახლში და ამ სახლს ჰქვია საქართველო. ჩვენ უნდა ვიყოთ და ვიქნებით ღირსეული ერის ღირსეული ქვეყანა და ევროპელები და ამერიკელები იქნებიან ჩვენი ტოლი და სწორი, ჩვენი თანაბარუფლებიანი მეგობრები!
როგორ? _ დასაწყისისთვის, დავემშვიდობოთ წარსულს, უნდა გავიგოთ, რომ ეს ეპოქა დასრულდა, დამთავრდა, წარსულს ჩაბარდა და თან გაიყოლა ყველა ის პოლიტიკოსი, რომლის ამოცანა იყო სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბრძოლა და არა ქვეყნის აღზევება, სხვა პოლიტიკოსზე გამარჯვება და არა ქვეყნის გამარჯვება.
25 წელმა მოგვიტანა ის, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე არსებობს, მადლობა ყველას, ვინც ამისთვის იხარჯებოდა. იმავდროულად, მსოფლიოს რუკაზე არსებობს ქვეყანა, რომელსაც არ აქვს მიზანი, რომელსაც არ აქვს მიმართულება, რომელიც არ გეგმავს მომავალს, რომელიც არ ცდილობს იყოს თავმოყვარე, ღირსეული, მებრძოლი, გავლენიანი.
ჩვენ ამ ხელისუფლების პირობებში მივიღეთ ქვეყანა, რომელმაც არ იცის რა უნდა, გარდა იმისა, რომ მედია თურმე უნდა იყოს თავისუფალი და ბიზნესი ხელშეუხებელი.
21-ე საუკუნეში ეს არ შეიძლება იყოს ქვეყნის ამოცანა, ეს უთავმოყვარეო, უმიზნო, უსაგნო პოლიტიკის ამოცანაა. პოლიტიკა უნდა გვთავაზობდეს, ჩვენ კი უნდა ვირჩევდეთ ჩვენს მომავალს, ისეთს, როგორიც მოგვწონს. ამისთვის ცხოვრობს პენსიონერი, რომ შიმშილითა და ავადობით არ მოკვდეს?! ეს არის ჩვენი ოცნება, რომ მედია იქნება დამოუკიდებელი? რომ სახელმწიფო ბიზნესს არ შეუქმნის პრობლემებს? ამისთვის გავჩნდით? ეს გაგვხდის ჩვენ ბედნიერს? არა! ჩვენ ამისთვის არ გავჩნდით, ჩვენ გავჩნდით არა მხოლოდ მოთმინებისათვის, არამედ ბედნიერებისთვის, _ აღნიშნავს ბურჭულაძე.
ამავე თემაზე: პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს _ "არ გვინდა, რომ ქვეყანას ჰყავდეს არაფორმალური ბატონი"
"ვიწყებთ პოლიტიკურ მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის" _ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მიზნები