ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში მცხოვრებმა ენვერ ანდღულაძემ დახმარებისთვის "გურია ნიუსს" მიმართა. მისი თქმით, სოფელ ჩოჩხათში, ოდილაურის უბანში, 16-მდე ოჯახს საყანე ფართობებამდე მისასვლელი გზა არ აქვთ, რის გამოც კუთვნილ ფართობებში მიწის დასამუშავებლად საჭირო ტექნიკა ვერ შეჰყავთ.
"არაერთხელ მივმართე ლანჩხუთის გამგეობას, თუმცა, არანაირი შედეგი ამას არ მოჰყოლია. 16 ოჯახს საყანე ფართობებამდე მისასვლელი გზა არ გვაქვს. არჩეული-ოდილაურის გადასახვევთან, 100 მეტრი გზის მონაკვეთი ისეა დაზიანებული, რომ ტრაქტორსაც კი უჭირს გავლა. კუთვნილ ნაკვეთში ვერ შევდივართ, რომ ყანა დავამუშაოთ. ისეთი ტალახია, ტრაქტორიც კი ჩაეფლო. მხოლოდ ეს ერთი გზა გვაქვს, რომ ჩვენს ნაკვეთებამდე მივიდეთ.
სოფლის პროგრამების განხილვა როცა იყო, მაშინაც დავაყენეთ ამ გზის საკითხი, თუმცა, არჩევანი სხვაზე გაკეთდა. გამოდის, ხალხის ბედი არავის აინტერესებს, თორემ აქამდე ხომ უნდა მოექცია ვინმეს ჩვენთვის ყურადღება?! კარზე არჩევნებია მომდგარი და მოგვაკითხავენ, ხმა მომეცითო," _ ამბობს ჩვენთან საუბარში ენვერ ანდღულაძე.
ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის ალექსანდრე სარიშვილის თქმით, გზის აღნიშნულ მონაკვეთთან დაკავშირებით პრობლემა, წლებია, არსებობს.
"რამდენიმე წლის წინ, როცა სოფლის რწმუნებული ვიყავი, აღნიშნულ მონაკვეთზე სოფლის პროგრამით ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და აკაციის ბოძებით გავამაგრეთ გზა, თუმცა, ახლა ეს გზა ისევ დასკდა. წელს სოფლის პროგრამიდან უშუალოდ ოდილაურში 15 713 ლარი უნდა გაიხარჯოს, რითაც სამ ადგილზე მოხდება გზის რეაბილიტაცია. სამწუხაროდ, ფიზიკურად აღარ დარჩა მეტი ფინანსური საშუალება, რომ ამ მონაკვეთზეც შეგვეკეთებინა გზა. აუცილებლად მოვიკითხავ სოფლის რწმუნებულთან ამ საკითხს და გავარკვევ, რით შეგვიძლია დავეხმაროთ მოსახლეობას", _ ამბობს სარიშვილი.
ჩოჩხათის ადმინისტრაციაში გამგებლის წარმომადგენელი რევაზ ფაცურია ამბობს, რომ წელს სოფლის პროგრამიდან, ოდილაურში გზის იმ მონაკვეთებზე გახორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც უფრო მეტად მნიშვნელოვანია სოფლის მოსახლეობისთვის:
"ოდილაურში სამ მნიშვნელოვან მონაკვეთზე შევაჩერეთ არჩევანი, რომ სოფლის პროგრამიდან დაფინანსებულიყო. მეტის შესაძლებლობა ნამდვილად აღარ გვქონდა. გაუვალ ადგილებზე, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს და ელემენტარულად მისასვლელი გზა არ ჰქონდათ, კეთდება ბეტონის საფარი, ადგილზე არსებული ბეტონის შპალების გამოყენებით. ყველა დამეთანხმება, რომ საყანე ფართობზე უფრო მნიშვნელოვანია სახლამდე მისასვლელი გზა. თანაც, უყურადღებოდ არც იმ ადამიანებს დავტოვებთ, რომელთაც ზემონახსენებ საყანე ფართობებამდე მისასვლელი არ აქვთ და ადგილობრივი ძალებით შევეცდებით მათ დახმარებას. ამ გზას აუცილებლად შევაკეთებთ ისე, რომ ტრაქტორმა შესძლოს იქ გავლა," _ გვითხრა რევაზ ფაცურიამ.