ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, რუსუდან მეგრელაძეს მაშინ ვესტუმრეთ, როცა გაკვეთილს მეხუთე კლასში ატარებდა. ბავშვები გოდერძი ჩოხელის შემოქმედებას ეცნობოდნენ და "გაღმივლების" შესახებ ცხარედ კამათობდნენ. პედაგოგის თქმით, მათ არ მოსწონთ ბიბღასა და დევგარეულის მუდმივი ქიშპი.
ბრაზობენ ბიბღაზე, რომელიც ვერა და ვერ ხედავს დევგარეულის კეთილ სულს. დევგარეულის ზედმეტ გულკეთილობასა და მოყვას ბუნებაზეც ბრაზობენ, უკვირთ, რატომ უთმენს ის ბიბღას ამდენს. სწუხან, რომ საბოლოოდ სწორედ ამ დათმობამ გამოიწვია დევგარეულის სიკვდილი, "როცა წვიმის წვეთივით გაქრა მთასავით კაცი".
ბავშვები სიკეთისა და ბოროტების მუდმივ ჭიდილს ამქვეყნიურ მარადიულ პრობლემად თვლიან, თუმცა მიიჩნევენ, ბოროტებასთან ზედმეტად დამთმობი არ უნდა იყო, ის მოგერევა და ბიბღა და დევგარეული მწერლის მიერ ალეგორიულად წარმოჩენილი შესანიშნავი მაგალითია.
რუსუდან მეგრელაძე ბავშვების დამოუკიდებელი აზროვნების სივრცის გაფართოება, გაკვეთილის ახსნის ახალი მეთოდის დამსახურებად მიიჩნევს, როცა მეტია ბავშვის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. ეს ადრეც იყო, ახლა თუ არის გონებრივი იერიში, ფრონტალური კითხვების არსიც სწორედ ეს იყო, თუმცა მაინც ჩარჩოში იყო მოქცეული პედაგოგიც და მოსწავლეც და ერთსა და იმავე თემაზე სხვადასხვა აზრს ნაკლებად გამოთქვამდი.
_ ბავშვს ახლა აქვს აზროვნების სრული თავისუფლება და ჩარჩოდან გასვლა ნაწარმოების შეფასებისას არ ეზღუდება. კითხულობენ პაუზებით და მერე ერთმანეთში პაექრობენ პერსონაჟებზე, ნაწარმოების ზოგად არსზე, ავტორის შემოქმედებაზე და ასე შემდეგ, _ ასე აფასებს მეთოდური სიახლეების არსს ქალბატონი რუსუდანი, თუმცა საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება აქვს მასწავლებლების სასერთიფიკაციო გამოცდებსა და საჭირო ქულების მოგროვების წესის შესახებ.
მე გარკვეული დროით წასული ვიყავი საქართველოდან და ჩამოვედი თუ არა, მგონი, პირდაპირ ტრაპიდან ჩავაბარე გამოცდები და დავუბრუნდი ჩემს საყვარელ სკოლას. მე არ მიმაჩნია მთლად გამართლებულად, როცა მასწავლებელი საჭირო ქულებს აგროვებს ვიდეოგაკვეთილის დადგმით. რატომ უნდა გვჭირდებოდეს ხელოვნურად დაგეგმილი ვიდეო გაკვეთილი? მე, მაგალითად მრცხვენია, მოსწავლეს ვუთხრა, აი, მე ეს ვიდეო გაკვეთილი იმიტომ უნდა დავდგა, რომ ქულები მჭირდება! _ ამბობს ქალბატონი რუსუდანი.
კითხვაზე, რა უფრო მიაჩნია მიზანშეწონილად, რომ მასწავლებელმა მოაგროვოს საჭირო ქულები, ის ამბობს, რომ ყველა გაკვეთილი ჩატარდეს ვიდეო სისტემით. მოვიდეს ვისაც უნდა ნახოს! ესაა ჩემი აზრი!
_ ყოველდღე ვიდეოგაკვეთილის ჩატარება რომ ყველა მასწავლებელს არ მოეწონოს? ხომ შეიძლება ასე თავი მუდმივად შებოჭილად იგრძნოს?
_ არ მოეწონება და ნუ მოეწონება! პედაგოგი მუდამ მწყობრში უნდა იყოს. ასე უფრო აიწევს განათლების ხარისხი, ვიდრე ერთი მიზანმიმართულად დადგმული ვიდეოგაკვეთილით, რომლითაც ქულები უნდა მოაგროვო! ამის შეცვლას ვისურვებდი, რადგან მასწავლებლის ცოდნის შეფასება ტესტირების შემდეგ ხდება ხელოვნურად დადგმული ვიდეოგაკვეთილით, რაც არ მიმაჩნია ქულების მოპოვების სამართლიან და ეფექტურ საშუალებად.
რუსუდან მეგრელაძე, ასევე, ხაზგასმით საუბრობს სწავლების საკუთარ მიზანზე:
_ მუდამ ვცდილობდი და ახლაც მინდა, რომ ჩემს მოსწავლეებს შთავაგონო ქართული ენისა და ლიტერატურის, ქართული მიწის სიყვარული. ეს ვიღაცას, შესაძლოა, ტრაფარეტულად ეჩვენებოდეს, მაგრამ მე გულწრფელი ვარ, როცა ვამბობ _ მინდა, ჩემი მოსწავლე ეროვნული შეგნებით გავიდეს გაკვეთილიდან! ახლა მეხუთე კლასი მყავს და დარწმუნებული ვარ, როცა მათ მე-12 კლასამდე მივყვები, სწორედ ასეთი შეგნებით გავლენ სკოლიდან. ესაა ჩემი მიზანი!
აღსანიშნავია, რომ რუსუდან მეგრელაძე, 1978 წელს, როცა ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, სტატუსს საფრთხე დაემუქრა, ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი იყო და იმავე წლის 26 მაისს ბათუმში გამართულ მიტინგს სტუდენტთა ჯგუფთან ერთად თაოსნობდა. მაშინ გადაწყდა აჭარის კონსტიტუციაშიც არ დაფიქსირებული ქართული ენა, როგორც არასახელმწიფო ენა. დღის ბოლოს მას დაავალეს ქრონოლოგიური აღწერა მოვლენებისა, რაც შემდეგ გადაეცა ლევან სანიკიძეს და "აჭარის საისტორიო მაცნეში" დაიბეჭდა. გადაღებულია ასევე დოკუმენტური ფილმი, სადაც ქალბატონი რუსუდან მეგრელაძე ფიგურირებს, როგორც ლიდერი.
კითხვაზე, რა განსხვავებაა წინა თაობებსა და დღევანდელ მოსწავლეებს შორის, პედაგოგის პასუხი იმედიანი და სიხარულის შემცველია:
_ჩემს კლასებში უამრავმა მოსწავლემ გაიარა. ძლიერი კლასები მყავდა _ ბევრი მათგანი დღეს წარმატებულია სხვადასხვა სფეროში და ეს ძალიან მახარებს. გული მიკვდება, როცა უნიჭიერეს ეთუნა ჟღენტს ვიგონებ. ის ტრაგიკულად დაიღუპა და დარწმუნებული ვარ, ქვეყანამ მისი სახით საოცარი ახალგაზრდა დაკარგა. დღევანდელი თაობა, როგორც უკვე გითხარით, გაკვეთილზე სრული თავისუფლების სივრცეშია და შეუძლია, მეტი განსხვავებული აზრი გამოთქვას, ჩარჩოს არავინ უწესებს.
ზოგადად კი ჩვენ გვყავს და გვეყოლება არაჩვეულებრივი მოსწავლეები, საუკეთესო, ერთმანეთის მჯობი თაობები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის საკადრისი პატრონები იქნებიან! ასე რომ არ მჯეროდეს, სკოლაშიც აღარ შემოვდგამდი ფეხს! _ გვეუბნება პედაგოგი, რომლის ღია საუბარი, გახსნილი ურთიერთობის და მშობლიური ენისადმი გამორჩეული სიყვარული, ნებისმიერ ადამიანს პატივისცემით განაწყობს.
ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორმა ტარიელ კალანდაძემ კი ასე დაახასიათა:
_ რუსუდან მეგრელაძე ქართული ენისა და ლიტერატურის გამორჩეული პედაგოგია. მუდამ აქტიური, ბავშვებზე და საგანზე უსასრულოდ შეყვარებული, სკოლის განვითარებაზე მზრუნველი, საუკეთესო ოჯახის პატრონი და საიმედო, სანდო კოლეგა… მეტი რა უნდა გითხრათ? ბედნიერი ვარ, რომ ასეთი პედაგოგები სხვებიც მყავს სკოლაში და მათი თანადგომის იმედით მუდამ მიხარია ამ დიდ ოჯახში მოვლა, რასაც ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლა ჰქვია! _ ამბობს მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი, რომელიც წლებია წარმატებებს პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად იმკის.
რუსუდან მეგრელაძეზე მისი აღზრდილებიც ბევრ საუბრობენ. ყველა მათგანი ერთხმად აღნიშნავს, რომ რუსიკო მასწავლებლის გაკვეთილი შეუძლებელია დაავიწყდეთ, რადგან იმ კლასში, სადაც ის დგას, ყველაზე პირველად ადამიანობას, სიკეთეს და სიყვარულს სწავლობენ.