ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" სასარჩელო მოთხოვნა ცესკოსა და სწავლების ცენტრის წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკოს სწავლების ცენტრი აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ "ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ, ჩატარებულ საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებით, ცალკეული მედია საშუალებებით უსაფუძვლო და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
"თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ა(ა)იპ – "ახალგაზრდა ადვოკატების" სასარჩელო მოთხოვნა ცესკოსა და სწავლების ცენტრის წინააღმდეგ, რომელიც შეეხებოდა 2015 წლის 21 ივლისის საგრანტო კონკურსის შედეგებისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას", _ აღნიშნულია სწავლების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ "ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ სადავოდ იყო გამხდარი კონკურსში წარდგენილი საგრანტო განაცხადების სამართლიანი შეფასება და იმ ორგანიზაციებისთვის გრანტების მიცემა, რომლებზეც 2015 წლის 10 ნოემბერს გამოქვეყნებულ სახელმწიფო აუდიტის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 1 იანვარი-2014 წლის 31 დეკემბრის საქმიანობას ეხება. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ 2013 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაცემული გრანტების საერთო მოცულობამ 1,244.1 ათასი ლარი, ხოლო 2014 წელს 1,511.5 ათასი ლარი შეადგინა. აუდიტის დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ გაურკვეველია რამდენად მიზნობრივად, ეფექტიანად და დასაბუთებულად იხარჯებოდა გრანტები ამ ორგანიზაციების მიერ.
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა ცესკოს სწავლების ცენტრმა აუდიტის სამსახურში ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა. საჩივრის განხილვის შემდეგ, აუდიტის სამსახურმა სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა დასწავლების ცენტრის საჩივრი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
2015 წის 21 დეკემბერს გამოქვეყნებულ პრეზიდიუმის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ "გასაჩივრებული აუდიტის ანგარიში არ შეიცავს აუდიტის მასშტაბიდან გამომდინარე შესაბამისი კრიტერიუმების, გარემოებებისა და მტკიცებულებების განხილვასა და ანალიზს, რაზე დაყრდნობითაც გამოითქვა აუდიტორული მოსაზრება იმის შესახებ, რომ აუდიტორი ვერ დარწმუნდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან საგრანტო თანხების კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად მიზნობრივად, ეფექტიანად და დასაბუთებულად ხარჯვაში. ამასთანავე, აუდიტის ანგარიშის ამ ნაწილში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები რიგ შემთხვევებშიშეიცავს არსებით უზუსტობებს, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით".
"საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა–განმარტებების მოსმენის, მათ შორის,სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციებისწერილობითი მომართვების განხილვის, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივიგარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გამოკვლევის, ანალიზისა დაურთიერთშეჯერების საფუძველზე პრეზიდიუმი მივიდა დასკვნამდე, რომ სწავლების ცენტრისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაცემული საგრანტო თანხების ხარჯვა შესაბამისობაშია საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან და ბიუჯეტთან", _ აღნიშნულია პრეზიდიუმის გადაწყვეტილებაში.
მიუხედავად ამისა, "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელს, არჩილ კაიკაციშვილს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ აღნიშნულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა.
"სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნა, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება დააფუძნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით და ევროსასამართლოს მიერ მიღებული ერთ-ერთი საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ცალსახად დაუსაბუთებელი და უკანონოა. დაუსაბუთებელია იმის გამო, რომ არ შეიძლებოდა უზენაესი სასამართლოს 2013 წლის ნოემბერში გამოტანილი ერთ-ერთი საქმის მაგალითზე. ასევე, არ შეიძლებოდა სასამართლოს თავისი გადაწყვეტილების დროს ეხელმძღვანელა ევროსასამართლოს იმ საქმის შინაარსიდან, რომლის თანახმადაც, თუკი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტით იზღუდება პირის უფლებები და ამ პირს გააჩნია საერთო სასამართლოებში საქმის გაგრძელების შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი რაოდენ კანონსაწინააღმდეგოც არ უნდა იყოს ის, შეიძლება მივიჩნიოთ მართლზომიერ ქმედებად. ასეთი იყო მოსამართლის შეხედულება.
მეორე მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, რადგან ქართულ მართლმასჯულებაში სასამართლოს გადაწყვეტილება კანონშესაბამისი უნდა იყოს, ჩვენ არ ვართ ანგლოსაქსური ქვეყანა, სადაც გადაწვეტილების დაფუძნება ხდება პრეცენდენტული გადაწყვეტილების გათვალისწინებით. ძალიან გაუგებარი გადაწყვეტილებაა. მოსამართლემ მხარეებს მიგვითითა, რომ ჩვენ აუცილებლად გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება, რასაც ვაპირებთ კიდეც. ვპირდები საზოგადოებას, რომ ე.წ. "ჩაწყობილი გრანტების" საქმიდან მნიშვნელოვან პრეცენდენტს დავდებ", _ აღნიშნა კაიკაციშვილმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.
გარდა ამისა, კაიკაციშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია.
"ცესკომ დაარღვია ადმინისტრაციული სხდომის საჯაროობის პრინციპი. ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად კი, თუკი ადმინისტრაციული სხდომის საჯაროობის პრინციპი დარღვეულია, ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიეღო გადაწყვეტილება. მოსამართლემ თავის სიტყვაში პირდაპირ აღნიშნა, რომ დაირღვა კანონი, კონსტიტუცია, თუმცა უპირატესობას ანიჭებდა ევროსასამართლოს პრეცენდენტს, რომლითაც ჩვენ, მხარეს საშუალება გვაქვს აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივროთ. მოსამართლე დავით წერეთელს არ აღმოაჩნდა გაბედულება, ე.წ. "ჩაწყობილი გრანტების" საქმეზე პრინციპული გადაწყვეტილება მიეღო", _ აღნიშნა კაიკაციშვილმა.
ამავე თემაზე:
ცესკო "ახალგაზრდა ადვოკატების" ბრალდებებს პასუხობს
"ჩაწყობილი გრანტები" ბიუჯეტის ფულით – "ახალგაზრდა ადვოკატები" ცესკოს წინააღმდეგ