"კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის" თანახმად რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთში 100 ჰა ტყის მასივი შეიწამლა. მთლიანად ქვეყანაში და მათ შორის ჩვენს რეგიონშიც, მწვავედ დგას კოლხური ბზის ხმობის საკითხი. სწორედ ამ პრობლემიდან გამომდინარე, მომზადდა ზემონახსენები სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაშიც, საკუთარი კომპეტენციის გათვალისწინებით, აქტიურადაა ჩაბმულები ეროვნული სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.
სატყეო სააგენტოს წარმომადგენელთა თქმით, გარდა გურიისა, შეწამვლის სამუშაოები იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდის 400 ჰა-ზე ხორციელდება.
მათივე ინფორმაციით, დაზიანებული ბზის კორომების შეწამვლა-დამუშავების სამუშაოებს კომპანია "გარდ-სერვისი" აწარმოებს. პრეპარატის შესხურება სპეციალური ტექნიკის საშუალებით, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ქარხნული აეროზოლის გენერატორის გამოყენებით ხდება, რომელიც არეგულირებს სითხის დისპერსიულობის დონეს, სითხე გადაყავს აეროზოლში – ნისლში და გამიზნულია უშუალოდ ტყის ფართობების დასამუშავებლად.
სტუმართა განმარტებით, პრეპარატი ლეპიდინი, რომლითაც ბზის კორომების შეწამვლა ხორციელდება, წარმოადგენს ბიოლოგიურ ინსექტიციდს და ტყის ჯიშებთან ერთად გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების დამუშავებისთვისაც. ამასთან, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით არ არის ტოქსიკური ადამიანების, თბილსისხლიანი ცხოველებისათვის, თევზებისათვის, ფუტკრებისათვის და სასარგებლო მწერებისათვის.