თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემაში რეფორმის დაწყებით ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა.
ამის შესახებ ახვლედიანმა "გურია ნიუსთან" ინტერვიუში ისაუბრა და რეფორმა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შეცდომად შეაფასა.
"გურია ნიუსი" ახვლედიანის ინტერვიუდან ნაწყვეტს გთავაზობთ:
_ბატონო მამუკა, რა მიგაჩნიათ ამ რეფორმის სისუსტედ? რას არ ეთანხმებით?
_გამოსაცდელი ვადა, ფარული კენჭისყრები…ძალიან ბევრი გაუაზრებელი, მექანიკური ჩარევა მოხდა. შეიძლება თოხით გააკეთო ნეიროქირურგიული ოპერაცია? – გააზრება ხომ სჭირდება რას ვაკეთებთ, ვინ უნდა გააკეთოს, რა ტერიტორიაზე და ა.შ.
_ანუ რეფორმა დაიწყეს ისე, რომ სისტემის პრობლემა და საჭიროება არ იყო შეფასებული?
_არავითარი შეფასება არ მომხდარა. სანამ არ შეფასდება განვლილი სიტუაცია, არ შეფასდება 2012-მდე ან 2012-ის შემდგომ, ვინ ვინ იყო და ვის რა როლი ჰქონდა ან აქვს სისტემაში, ეს იქნება დაუსრულებელი პროცესი.
_თქვენგან ასეთი მწვავე განცხადებები რეფორმის დაწყებისას არ გვახსოვს. მაშინ ვერ ხედავდით ამ პრობლემას? რატომ მაშინ არ თქვით, რომ რეფორმა სწორი არ იქნებოდა ამ სახით?
_როცა დავინახე, რომ 25 კაცი ღებულობდა მონაწილეობას და თბილისის საქალაქო სასამართლო შეამცირეს 25 ადამიანით, დავინახე ვინ შეარჩიეს, რა პრინციპებით და ვინ დანიშნეს, როგორ მოხდა ეს პროცესი, ჩავთვალე, რომ ეს არის კრიტიკული ზღვარი, რაზეც თვალის დახუჭვა არ შეიძლებოდა. ან უნდა გამეგრძელებინა მუშაობა და დამეტოვებინა ყველაფერი ისე, როგორც იყო. გეუბნებით, 4 შვილი მყავს და მინდა ამ ქვეყანაში იცხოვრონ, ამიტომ ვერ დავუჭერ მხარს, რომ უვადოდ დაინიშნონ ამ პრინციპებით ადამიანები, რასაც ესენი აკეთებენ.
_ანუ თქვენ არ უჭერთ მხარს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას?
_აბსოლუტურად არ ვუჭერ. მთლიანად უნდა გადაიხედოს სასამართლო სისტემა, უზენაესი სასამართლოც, საბჭოც, დანიშვნის წესი და ა.შ. კატეგორიულად მოვითხოვ, გაჩერდეს დანიშვნების პროცესი, არ დაემატოს არავინ, სანამ არ გავიაზრებთ, რას ვაკეთებთ. ის რაც გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, ვფიქრობ, შეცდომაა, ისევე, როგორც შეცდომა იყო გამოსაცდელი ვადა, ან ახლა ვადის გაუქმება.
_რა გარანტია გვაქვს, რომ კიდევ იგივე შეცდომას არ დაუშვებენ? ან შეუძლია კი ხელისუფლებას რეალურად გაატაროს რეფორმა სასამართლო სისტემაში?
_სურვილის შემთხვევაში შესაძლოა ამაზე ჯგუფმა იმუშაოს და გააკეთოს. ახლა ვაპირებ სტრუქტურულად როგორი უნდა იყოს სასამართლო, თავისი ბიუჯეტით, ხელფასით, მენეჯმენტით, სტრუქტურით, თემას დავალაგებ და მიხვდება საზოგადოება, როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო. შესაძლოა, ეს არჩევნებამდეც მოვასწრო.
ვინ არიან სასამართლო სისტემის "გენერლები" და "პოლკოვნიკები", ვინ მართავს დღეს მოსამართლეებს, რა როლი აქვს მართვაში ნინო გვენეტაძეს, როგორ აპირებს არასამთავრობო სექტორიდან სისტემაში მიმდინარე მოვლენების კონტროლს, _ ამ საკითხებზე "გურია ნიუსი" თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან, მამუკა ახვლედიანთან ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე:
მათი მიზანია თავიანთი კანდიდატები დანიშნონ სასამართლო სისტემაში – მამუკა ახვლედიანი
სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მოსამართლეს კანონდარღვევაში ადანაშაულებს