კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) ევროპის სახლში ახალი პუბლიკაციის "თბილისის ბუნებრივი კატასტროფების" პრეზენტაცია გამართა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს თბილისში დატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებს ეძღვნება.
როგორც ცნობილია, 13 ივნისს მდინარე ვერეზე მომხდარი წყალმოვარდნის კატასტროფული შედეგის გათვალისწინებით, CENN-მა საველე კვლევები ჩაატარა თბილისის საზღვრებში მტკვრის შენაკადების ძლიერი წყალმოვარდნების მოსალოდნელი საშიშროების საკითხებზე და კვლევის ფარგლებში, თბილისის რაიონისთვის დამახასიათებელი საშიშ ბუნებრივ პროცესებზე ( წყალმოვარდნები, მეწყერები, ქვათა ცვენა) კომპლექსური ანგარიში მოამზადა.
გეოლოგი ჭიჭიკო ჯანელიძის თქმით, 13 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი წყალმოვარდნის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ადამიანი ბუნების საზღვრებში შეიჭრა.
"ბუნებაში ყოველთვის არის წყალმოვარდნები. ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი წყალმოვარდნის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ადამიანი შეიჭრა ბუნების საზღვრებში,"_ ამბობს ჯანელიძე.
გეოლოგის ინფორმაციით, თბილისში 7-8 მუდმივი წყლის მოქონე და რამდენიმე ათეულობით მშრალი ხევია.
"თბილისის განაშენიანებულ ნაწილში, დაახლოებით, 7-8 მუდმივი წყლის მქონე და რამდენიმე ათეული მშრალი ხევია, რომლებიც წვიმების დროს წყლით ივსებიან, რაც თბილისისთვის პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენს ძლიერი ეროზიის და წყალმოვარდნის თვალსაზრისით. ყველაზე დიდი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ საუკუნეების წინ დაიწყო თბილისის ტერიტორიების იმ ნაწილებში გაშენება, სადაც დატბორვის საშიშროება არსებობს,"_ამბობს გეოლოგი.
ჯანელიძე ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის გაშენიანებული ტერიტორიის 1/16 საშიშ ზონაშია მოქცეული.
"დღეს, თბილისის ტერიტორიის 1/16 ნაწილი საშიშ ზონებში მდებარეობს, რომლებიც შესაძლებელია ხევებზე მოვარდნილმა წყალდიდობებმა დააზიანოს და ასევე მსხვერპლიც გამოიწვიოს. მსგავსი შემთხვევები ბევრი გვაქვს. 1940 წელს ამ ხევებმა ააოხრა თბილისი, რამდენიმე ათეული ადამიანი იმსხვერპლა , ხოლო ზოგიერთი ქუჩა გაანადგურა. ლეღვთახევში აბანოთუბანი 2 -ჯერ განადგურდა,1903 და 1945 წელს, მდინარე ვერეზე 4-ჯერ ჩაიარა უძლიერესმა წყალმოვარდნებმა, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვა,"_ ამობობს გეოლოგი.
მისივე თქმით, ქალაქში არსებულ არასახარბიელო პირობებს ქალაქის ხელმძღვანელობამ და საზოგადოებამ ყურადღება ერთად უნდა მიაქციონ.
ამავე თემაზე:
მდინარეებისგან შექმნილი საფრთხე და ზონები, სადაც მონიტორინგი არ ხორციელდება
რომელი მდინარეები უქმნის ყველაზე დიდ საფრთხეს თბილისს
როდის დამონტაჟდება ვერეს ხეობაში ადრეული გაფრთხილების სისტემები