ვარდი _ ყვავილთა ლიდერია და მისი მყნობა კვირტში არც ისე ძნელია.
ვარდის მოშენების საქმეს ხშირად ნაკლები ინტერესით ეკიდებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ ის დაკალმებით თუ მყნობის მეთოდით ძნელად ხარობს.
ვისაც მყნობა ეხერხება, სასწრაფოდ შეუდექით საქმეს, სცადეთ ვარდის დამყნობა და აუცილებლად გამოგივათ. კვირტში მყნობა იწყება ივნისის ბოლოდან და თქვენ შეგიძლიათ ოქტომბრის შუა რიცხვებამდე უამრავი ნამყენი შექმნათ. ვარდის კვირტით მყნობა უნდა მოხდეს ასკილის საძირეზე, რომელიც უმჯობესია, თუ იქნება ორწლიანი. ვინც დაინტერესებულია, ასკილის საძირე თესლით გამოჰყავთ. ასეთი საძირე სჯობს _ უფრო უტყუარია. ფესვის ყელთან გავაკეთოთ ირიბი ჩანაჭერი, როგორც ამას ჩვეულებრივ ხეხილოვანთა მყნობის დროს ვაკეთებთ (განსხვავება საერთოდ არ არის) და შიგ ჩავსვათ კარგად მომწიფებული ყლორტიდან ანაჭერი კვირტი. დავახვიოთ გამჭვირვალე პოლიეთილენის სახვევი ან სპეციალური ლენტი.
აგვისტოდან ასევე შეგიძლიათ ვარდი ამონაყარებით, გადაწვენით, დაკალმებით და ბუჩქის გაყოფით გაამრავლოთ. მთავარია, მონდომება და მცენარეზე მზრუნველობა.
ივნისის ბოლოს ასევე უნდა დავიწყოთ ხეხილოვნების კვირტში მყნობა. ჩვენს კარმიდამოში მუდამ უნდა ვზრუნავდეთ მათ გადასახალისებლად და გასაუმჯობესებლად.
კარგი ჯიშის ხეხილის ტოტებს ავაჭრათ გამორჩეული კალმები. გავასუფთაოთ ფოთლებისგან. დავუტოვოთ ყუნწები და ერთი ბოლოთი ჩავდოთ ჩვეულებრივი, ოთახის ტემპერატურის წყალში. კარგ ამინდში საძირეზე გავაკეთოთ სანამყენე დანით ცნობილი T ასოს ჭრილი და კვირტის ჩასასმელი ადგილი გადავწიოთ ფრთხილად, შიგ კი ჩავსვათ კალამზე აჭრილი კვირტი. კვირტის ზედა მცირე ნაწილი არ მოვაქციოთ სპეციალური ლენტის შემოჭერის არეში. განსაკუთრებით უნდა მივაქციოთ ყურადღება შემოჭერის ადგილს _ მასში წვიმის წყალი არ უნდა ჩავიდეს. ორი კვირის შემდეგ შევამოწმოთ, რა მდგომარეობაშია. როცა მოვსინჯავთ და ვნახავთ, რომ ყუნწი მოძვრება, კვირტი უკვე შეხორცებულია და ნამყენი საიმედოა. ამის შემდგომ, ყურადღებით მოვახდინოთ საძირეს მორწყვა. არ დაზიანდეს ნამყენი, როცა ჩვენს ბაღებში ვმუშაობთ სხვადასხვა ფიზიკური სამუშაოების შესრულების დროს.