გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, თუ რატომ არ ტოვებს ის სხვა "რესპობლიკელ" მინისტრებთან ერთად მინისტრის პოსტს.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო რესპუბლიკური პარტია და დავრჩე გიორგი კვირიკაშვილის სამთავრობო გუნდში. ეს ნაბიჯი არ იყო უმტკივნეულო, რადგან წლები მაკავშირებს რესპუბლიკურ პარტიასთან, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას მამოძრავებდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. კარგად ვარ ინფორმირებული პრემიერ-მინისტრისა და მისი გუნდის სამომავლო გეგმებზე, მჯერა ჩემი არჩევანის სისწორისა, რადგან იგი უკავშირდება საქართველოს მდგრად, სტაბილურ განვითარებას, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. ბუნებრივია, ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში "ქართულ ოცნებასთან" ერთად გავაგრძელო საქმიანობა და წვლილი შევიტანო ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში", _ ნათქვამია აგულაშვილის განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს დავით უსუფაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "რესპუბლიკელი" მინისტრები პოსტებს ტოვებენ. კერძოდ, გადადგომას აპირებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. ხიდაშელი და ზაქარეიშვილი განცხადებას უახლოეს დღეებში დაწერენ.