თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით კიდევ ერთი საქმის განხილვა დაიწყო.
ამის შესახებ განცხადებას სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.
"2016 წლის 13 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის განხილვა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ნუკრი ი.-ს მიმართ.
ნუკრი ი.-ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში-ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ასევე ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით; მასვე ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მხარეთა მიერ მსაჯულობის კანდიდატების დასაბუთებული და დაუსაბუთებელი აცილებების შედეგად შეირჩა 12 ძირითადი და 2 სათადარიგო მსაჯული, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ მართლმსაჯულებას.
ღია სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ დაცვის და ბრალდების მხარეებს და ნაფიც მსაჯულებს მათი უფლება-მოვალეობები განუმარტა. მსაჯულებს მიეცათ განმარტება გამოსაყენებლი კანონის თაობაზე, ასევე განემარტათ, რომ საქმეზე საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე მათ ეკრძალებათ საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება, საკუთარი აზრის დაფიქსირება და სასამართლო პროცესს მიღმა საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოადგენენ, ასევე დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. შესავალ სიტყვებამდე კი წილისყრის საფუძველზე შეირჩა უფროსი მსაჯული და ნაფიცმა მსაჯულებმა დადეს ფიცი, რომ პატიოსნად და მიუკერძოებლად აღასრულებენ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობას.
ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა", _ აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.