1 ოქრო, 5 ვერცხლი, 2 ბრინჯაო – წარმატებით დაიწყო საქართველოსთვის გიმნაზიადა 2016. პირველად, საქართველოს ისტორიაში, ქვეყნის სკოლის მოსწავლეები, მონაწილეობას იღებენ ISF-ის 2016 წლის მსოფლიო სასკოლო გიმნაზიადაში, რომელიც 1972 წლიდან ტარდება და საასპარეზო დებიუტიც მედლებით დაგვირგვინდა!
ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციას პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კარატეს სახეობაში საქართველომ გიმნაზიადაზე 8 მონაწილე წარადგინა სხვადასხვა წონით კატეგორიაში და რვავემ მედალი აიღო!
ჯერ კიდევ წინ არის შეჯიბრი ძიუდოს სახეობაში, რომელშიც საქართველო 2 მონაწილეს წარადგენს და ჭიდაობის თავისუფალი და ბერძნულ-რომაულის სახეობებში, რომლებშიც კიდევ 4 ქართველი იასპარეზებს.
ინფორმაციისთვის, 2016 წლის ოლიმპიადაში 1200 სკოლის 6000-ზე მეტი გუნდი მონაწილეობს, რაც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობის სურვილი.
პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია, საერთაშორისო სასკოლო სპორტის ფედერაცია ISF-ის წევრია და ოლიმპიადაზე გამარჯვებული სკოლის გუნდები, პირველად საქართველოს ისტორიაში, მიემგზავრებიან მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებზე. აღნიშნული უფრო ამაღლებს ბავშვების მოტივაციას, რომ ჩაერთონ ოლიმპიადაში.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ტარდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით.
მსოფლიო ჩემპიონები ტრაპზონიდან საქართველოში 18 ივლისს დაბრუნდებიან.