აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობასთან ვაშინგტონის კავშირს უარყოფს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, ამის შესახებ ჯონ კერიმ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ჯონ კერის თქმით, ანკარას საჯარო განცხადებები ამასთან დაკავშირებით ნატო-ს ორი მოკავშირე ქვეყნის ურთიერთობებს აზარალებს. სახელმწიფო მდივანმა ვაშინტონის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს აბსოლუტური სიცრუე უწოდა.
"სახელმწიფო მდივანმა კერიმ მკაფიოდ აღნიშნა, რომ აშშ მზად არის, დაეხმაროს თურქეთის ხელისუფლებას გამოძიების ჩატარებაში, თუმცა ჩაშლილ სახელმწიფო გადატრიალებაში აშშ-ის ნებისმიერი როლის შესახებ საჯარო ინსინუაციები და ბრალდებები აბსოლუტური სიცრუეა და საზიანოა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ჩავუშოღლუსთან საუბრისას ჯონ კერიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის დემოკრატიულად არჩეული მთავრობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა.
აღსანიშავია, რომ 16 ივლისს ჯონ კერიმ განაცხადა, რომ თურქეთს აშშ-სთვის მუსლიმი ღვთისმსახური ფეთჰულა გიულენის ექსტრედირებისთვის არ მიუმართავს. ამასთან სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ გიულენის ექსტრადირების საკითხის განსახილველად, ანკარამ ვაშინგტონს მტკიცებულებები უნდა წარუდგინოს.
“ჩვენ არ მიგვიაღია გიულენთან დაკაშირებული არანაირი მოთხოვნა. სავსებით მოსალოდნელია, რომ გიულენთან დაკავშირებით კითხვები დაისმეოდა და ჩვენ მოვუწდებთ თურქეთს, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ, წარადგინოს ლეგიტიმური მტკიცებულებები, რომლებიც კრიტიკას გაუძლებს, და აშშ მიიღებს ამას, განიხილავს და ამასთან დაკავშირებით შესაბამისად იმსჯელებს”, – განაცხადა ჯონ კერიმ ლუქსემბურგში ვიზიტისას.
მოგვიანებით, თურქეთის პრეზიდენტმა მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აშშ-სგან ფეთჰულა გიულენის ექსტრადირება საჯაროდ მოითხოვა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ამბოხში მონაწილე თურქი სამხედროები შესაძლოა, მითითებებს აშშ-დან იღებდნენ.