"თურქეთი არ არის ის ქვეყანა, რომელიც იაფფასიანი ამბოხების წინაშე ქედს დახრის, თურქეთი არ არის ის სახელმწიფო, რომლის მართვაც პენსილვანიიდან არის შესაძლებელი", – ამის შესახბ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ სიტყვით გამოსავლისას განაცხადა. სწორედ პენსილვანიის შტატში ცხოვრობს ერდოღანის მთავარი ოპონენტი, ღვთისმსახური და მსოფლიო გავლენიანი საზოგადო მოღვაწე ფეთჰულა გიულენი, რომელსაც ხელისუფლება ამბოხის ორგანიზებაში ადანაშაულებს.
რა არის ცნობილი ფეთჰულა გიულენის შესახებ?
ფეთჰულა გიულენი თურქეთში გავლენის მიხედვით რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შემდეგ მეორე პირად ითვლება იმის მიუხედავად, რომ სამშობლოში 1999 წლის შემდეგ არ ყოფილა.
მუსლიმი ღვთისმსახური აშშ-ში, კერძოდ პენსილვანიაში ცხოვრობს. იშვიათად ჩნდება საჯაროდ.
ფეთჰულა გიულენი მოძრაობა "ჰიზმეტის" ხელმძღვანელია, რომელსაც მსოფლიოს 160 ქვეყანაში ათასზე მეტი სასწავლებელი აქვს გახსნილი. თურქეთში მოძრაობასთან დაკავშირებული რამდენიმე მედიასაშუალება მოქმედებს.
ერთ დროს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის უახლოესი მოკავშირე, დღეს ფეთჰულა გიულენი თურქეთის პრეზიდენტის მთავარი ოპონენტია. 1999 წელს მკურნალობის მიზნით აშშ-ში წასული გიულენი თურქეთში აღარ დაბრუნებულა. თუმცა 2002 წელს ერდოღანს მისი პირველ არჩევნებში გამარჯვებაში სწორედ გიულენი დაეხმარა. 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებში “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” გამარჯვების შედეგად რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თურქეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.
ფეთჰულა გიულენი 1941 წლის 27 აპრილს თურქეთში, ქალაქ ერზრუმთან მდებარე სოფელში, იმამის ოჯახში დაიბადა. 10 წლის ასაკში ფეთჰულა გიულენი ჰაფიზი – ყურანის ზეპირად მცოდნე და პროფესიონალურად მკითხველი გახდა. პირველი ქადაგება მან 14 წლის ასაკში წაიკითხა.
1980-იან წლებში თურქმა გენერლებმა, რომლებიც ქვეყანის სათავეში სამხედრო გადატრიალების შემდეგ მოვიდნენ, გიულენი ისლამური დიქტატურის დამყარების მიზნით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულეს. 1986 წელს გიულენმა მექაში ჰაჯი შეასრულა, რა დროსაც მას თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს, თუმცა გიულენი ქვეყანაში დაბრუნდა და სამართალდამცველებს ჩაბარდა. მოგვიანებით ის უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლეს.
1981 წელს გიულენმა ღვთისმსახურებაზე უარი თქვა.
1992 წელს გიულენის პირველი სკოლები გაიხსნა.
1994 წლის ივნისში მონაწილეობა მიიღო სტამბოლში “ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის გახსნაში”, დაინიშნა ფონდის საპატიო პრეზიდენტად.
1996-1998 წლებში შეხვდა მსოფლიო პატრიარქს ბართლომეს, რომის პაპს იოანე პავლე მეორეს.
2000 წელს უკვე აშშ-ში მყოფი გიულენის წინააღმდეგ თურქეთში სასამართლო პროცესი დაიწყო. მას ქვეყანაში შარიათის კანონზე დაფუძნებული რეჟიმის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებდნენ, რის გამოც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. 2008 წელს მის წინააღმდეგ ყველა ბრალდება მტკიცებულებების არარსებობის გამო მოიხსნა.
ერდოღანსა და გიულენს შორის ურთიერთობები 2013 წელს დაიძაბა. მიზეზი კი კორუფციული სკანდალი გახდა, რა დროსაც პოლიციამ მაღალჩინოსნები და ერდოღანთან დაახლოებული ბიზნესმენები, მათ შორის სამი მინისტრის შვილები დააკავა. სულ კორუფციის ბრალდებით მაშინ 52 ადამიანი დააკავეს. სკანდალის გამო თანამდებობა სამმა მინისტრმა დატოვა.
მაშინ ერდოღანმა ჯაშუშები და მოღალატეები უწოდა მათ, ვინც მაღალჩინოსნების დაკავების ინიციატორი იყო. მან კორუფციული სკანდალის პროვოცირებაში მოძრაობა “ჰიზმეტი” დაადანაშაულა. დაკავებული მაღალჩინოსნებისა და ბიზნესმენების საქმეებზე მომუშავე პროკურორები და სამართალდამცველები კი სამსახურიდან გაათავისუფლა.
2014 წლის დეკემბერში თურქეთის სასამართლომ ფეთჰულა გიულენის დაკავების ორდერი გასცა. მალევე თურქეთში პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ კრიტიკოსთან კავშირში ეჭვმიტანილი ასობით სამხედრო და პოლიციის ოფიცერი დააკავეს.
2016 წლის მარტში რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გიულენს თურქეთში, ქურთებით დასახლებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ვითარების გამწვავებაში დასდო ბრალი. ამავე წლის აპრილში გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ფეთჰულა გულენს რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს, მათ შორის დიაბეტი.
თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, ფეთჰულა გიულენი და მისი მხარდამჭერები ქვეყანაში “პარალელური სტრუქტურების” შექმნას ცდილობენ. სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს თურქეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა ამბოხებულებთან დაკავშირებით ფრაზა “პარალელური სტრუქტურები” არაერთხელ გამოიყენეს.
გიულენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად მიიჩნევენ. 2008 წელს ის ჟურნალებმა Prospect-მა და Foreign Policy-მ ყველაზე გავლენიან ინტელექტუალად დაასახელეს, გამოცემა Time-მა კი გიულენი "მსოფლიოს ასი ყველაზე გავლენიანი ადამიანის" სიაში შეიყვანა.
მოძრაობა "ჰიზმეტის" ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ფეთჰულა გიულენი რელიგიური ექსტრემიზმისა და ისლამის პოლიტიზირების წინააღმდეგია, ის ისლამს, უპირველეს ყოვლისა, როგორც თანაგრძნობასა და სოციალურ მსახურებას ქადაგებს.
ფეთჰულა გიულენი საზოგადოების ცხოვრებაში მეცნიერებისა და განათლების მნიშვნელობას აღიარებს. ის ისლამის სხვა რელიგიებთან დიალოგის მომხრეა. მკაცრად გმობს რელიგიურ რადიკალიზმსა და ტერორიზმს. პოლიტიკაში ის დემოკრატიას მმართველობის ყველაზე ოპტიმალურ ფორმად მიიჩნევს, რომელიც ქვეყნის სასარგებლოდ საზოგადოების ყველაზე ფართო ფენების გამოყენების შეასძლებლობას იძლევა. გიულენი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების აქტიური მხარდამჭერია.
ფეთჰულა გიულენმა ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა არაერთხელ გამორიცხა.