ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირება ისევ პრობლემად რჩება. ხშირ შემთხვევაში მძღოლები გაგრილების სისტემას არც მგზავრების მოთხოვნის შემთხვევაში რთავენ.
პირად საუბრებში მძღოლები ამბობენ, რომ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსისგან" აქვთ მითითება, რომ კონდიცირების სისტემა მხოლოდ იმ შეთხვევაში ჩართონ, თუ მგზავრები ამას კატეგორიულად მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ამის ვალდებულება არ აქვთ.
კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენელი ნათია მიქიაშვილი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ კომპანიამ დავალება მისცა ყველა სამარშრუტო ტაქსის მძღოლს, რომ 27 გრადუსზე მეტი ტემპერატურის შემთხვევაში გაგრილების სისტემა ჩართონ.
"მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ვალდებულებაში არ შედის სამარშრუტო ტაქსების კონდიცირების სისტემის გამართვა და ეს მძღოლების პირდაპირი მოვალეობაა, გასულ წელს "თბილისის მიკროავტობუსმა" 200 ათას ლარამდე გადაიხადა და მთლიანი ავტოპარკის კონდიცირების სისტემა გაიმართა. გარდა ამისა, კომპანიამ შეუმცირა მათ სეზონურად ყოველდღიური გადასახადი, რაც მძღოლს ავალდებულებს მგზავრებისთვის კომფორტული პირობების შექმნას და გასაგრილებელი მოწყობილობის ჩართვას", _აცხადებს მიქიაშვილი.
მისი თქმით, ამის მიუხედავად მძღოლების ნაწილი მაინც არ ასრულებს დავალებას, რის გამოც "თბილისის მიკროავტუბუსმა" დაიწყო მათი მონიტორინგი. გამკაცრებულია სანქციებიც. პირველი გაფრთხილების შემთხვევაში მძღოლებს სამარშრუტო ტაქსების მართვა ერთი კვირით, მეორე გაფრთხილების შემთხვევაში კი ერთი თვით ეკრძალებათ. მესამე გაფრთხილების შემთხვევაში კი კომპანია წყვეტს მათთან კონტრაქტს.
როგორც კომპანაში განმარტავენ, 2500 ყვითელი სამარშრუტო ტაქსის გაკონტროლება რთულია, ამიტომ მოუწოდებენ მგზავრებს კატეგორიულად მოსთხოვონ მძღოლებს კონდიცირების სისტემის ჩართვა. მოთხოვნის უგულვებელყოფის შემთხვევაში კი დარეკონ ცხელ ხაზზე – 2 200 340, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება რეაგირება.