გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში ქალაქ რომში იმყოფება, სადაც გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისში ტყის კომიტეტის (COFO) რიგით 23-ე სესია და მე-5 მსოფლიო ტყის კვირეული მიმდინარეობს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სესიის ფარგლებში განიხილეს ტყეების როლი მთავარი გლობალური გადაწყვეტილებების განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით 2030 დღის წესრიგისა და პარიზის შეთანხმების კუთხით.
"წელს საქართველო პირველად გახდა კომიტეტის წევრი ქვეყანა, რაც უზრუნველყოფს საქართველოსთვისხმის უფლებას და შესაძლებლობას წინადადებების შემუშავებასა და წარმოდგენას სტრატეგიული განვითარებისა და კომიტეტის სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში. ასევე, საქართველოს მხარეს მიეცემა საშუალება კომიტეტის ფარგლებში წარმოადგინიოს ქვეყნის სატყეო სექტორის დეტალური პრობლემატიკა და მდგომარეობა", _ აღნიშნავენ სამინისტროში.
ტყის კომიტეტი (COFO) წარმოადგენს გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კანონის საფუძველზე შექმნილ უმაღლეს ორგანოს სატყეო სექტორში. COFO შეიქმნა 1971 წელს და მოიცავს 139 ქვეყანას. კომიტეტის შეხვედრები იმართება ორ წელიწადში ერთხელ FAO-ს სათაო ოფისში, რომში და აერთიანებს სატყეო სამსახურების უფროსებს და სხვა სამთავრობო წარმომადგელებს. შეხვედრების მიზანია განვითარებადი პოლიტიკისა და ტექნიკური საკითხების იდენტიფიცირება და გადაწყვეტილებების მიღება, ასევე FAO-სთვის და სხვა შესაბამისი ორგნიზაციებისათვის ქმედებების განსახორციელებლად რეკომენდაციების შემუშავება და წარმოდგენა. COFO-ს შეხვედრებზე მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ტყის კომიტეტში მონაწილეობა შეუძლია FAO-ს წევრ ყველა ქვეყანას.