საქართველოს 2000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლისათვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი შეიქმნება, – "საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამას" მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
პროგრამით გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები, რამდენიმე თვის წინ მიღებული სტრატეგიის თანახმად კი, მთელი საქართველოს ტერიტორია რამდენიმე ზონად დაიყო და კერძო სექტორთა ერთად, სხვადასხვა ინტერესის ზონები განისაზღვრა.
"არ ხდება ისე, რომ ამ პროექტმა კერძო სექტორის ინტერესები გადაკვეთოს. პირიქით, ის ხელს უწყობს, სხვადასხვა დაინტერესების ზონების მიხედვით, კერძო სექტორის შესვლას საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში. ხოლო იქ, სადაც ნაკლებად არის დაფიქსირებული, ან საერთოდ არ არსებობს ინტერესი და ინტერნეტის შეყვანა ეკონომიკურად აზრს მოკლებულია, პროგრამას მთლიანად ფონდი "ქართუ" აფინანსებს. ეს არის აბსოლუტური ქველმოქმედება, ყველანაირი ბიზნესდაინტერესების გარეშე. პროგრამა, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება. ეს არის ნამდვილად საშვილიშვილო საქმე, რადგან ინფორმაციაზე წვდომა არის თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების მთავარი პირობა. ვფიქრობთ, როგორც განათლებისთვის, ისე, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა", _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ძალიან კარგია, რომ ასეთ მოკლე პერიოდში მოხერხდა პროექტის ისეთი სტრუქტურირება, რომ ის მაქსიმალურად ეფექტური ყოფილიყო ბევრი თვალსაზრისით.
პროექტს ფონდი "ქართუ" და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. სააგენტომ დააფუძნა სპეციალური კომპანია, ერთეული – Open net-ი, რომლის მეშვეობით, კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის პარტნიორობა ხორციელდება.
"მნიშვნელოვანია, რომ ქსელი აგებული იქნება თავისუფალი დაშვების პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ აგებულ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას, ექნება არა მხოლოდ ტექნიკური თავსებადობა, არამედ, ბიზნესპრინციპი იქნება ის, რომ ნებისმიერი პროვაიდერი, რომელიც შემდგომში ამ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურასთან მიერთებას მოინდომებს, იგი დაშვებული იქნება. ეს პროექტი, ერთის მხრივ – ქველმოქმედების, ხოლო მეორეს მხრივ, კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითია", _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამავე თემაზე:
473 სოფელი, რომლებიც ინტერნეტიზაციის პროგრამაში მოხვდნენ (სრული სია)
რომელი სოფლები ისარგებლებენ გურიაში ინტერნეტიზაციით
ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით 2000 სოფელს ინტერნეტი ექნება