"ნატო რუსეთთან ღია დიალოგისთვოს მზადაა, მაგრამ დღევანდელი ვითარების ფონზე ძალიან რთულია რუსეთთან თანამშრომლობა,"_ ამის შესახებ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ "გურია ნიუსთან" საუბრისას განაცხადა.
როგორც ლაჰიუ ამბობს, ნატო-სთვის რუსეთის ქმედება მიუღებელია.
"ნატო-სთვის რუსეთის ქმედება მიუღებელია. რუსეთი პროვოკაციული მოქმედებს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საზღვრებზე, რაც ალიანსმა ვარშავის სამიტზე დაგმო, ისევე როგორც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია. ნატო-მ რუსეთს ასევე მოთხოვა სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან სამხედრო ძალების გაყვანა,"_ამბობს ლაჰიუ.
საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი "გურია ნიუსთან" საუბარისას ასევე ამბობს, რომ მიუხედავად რამდენიმე საერთო ინტერესისა, რუსეთსა და ნატო-ს შორის დიალოგი რთიული იქნება, ვიდრე რუსეთი საგარეო პოლიტიკის კურსს არ შეცვლის.
"არსებობს საკითხები, რაც რუსეთისა და ნატო-ს ერთობლივ ინტერესებში შედის, მაგალითად, საერთაშორისო ტერორიზმი, მაგრამ ვიდრე რუსეთი საგარეო პოლიტიკას არ შეცვლის, პატივს არ სცემს საერთაშორისო კანომდებლობას და აღიარებულ საზღვრებს, დიალოგი რთული იქნება,რუსეთის პრეზიდენტი, პუტინი, აგრესიულად არის განწყობილი, როგორც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის, ასევე ევროკავშირის მიმართ, მაგრამ არსებული სანქციები აიძულებს ნაკლებად აგრესიული იყოს და პოლიტიკური კურსი შეცვალოს. "_ამბობს ლაჰიუ.
ლაჰიუ ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ხედვას ინარჩუნებს.
"ყოფილ საბჭოთა ქვეყნების ნაწილს აქვს სურვილი ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდეს, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ამით მას საფრთხე არ ემუქრება. ნატო არ წარმოადგენს რუსეთისთვის საფრთხეს და არც აგრესიას გამოხატავს მის მიმართ, თუმცა რუსეთი კვალვ ინარჩუნებს საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ხედვას,"_აღნიშნავს საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ცენტრის ხელმძღვანელი.
ლაჰიუს თქმით, რუსეთის ეკონომიკა შესუსუტებულია, რის გამოც სამხედრო აგრესიას იყენებს.
"რუსეთის ეკონომიკა შესუსტებულია და ამიტომ იყენებს სამხედრო აგრესიას, როგორც დაშინების მექანიზმს,"_ამბობს ლაჰიუ.
საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ყველასთვის აჯობებს რუსეთმა საგარეო პოლიტიკის კურსი შეცვალოს, თუმცა ვერ ამბობს რამდენად შეიცვლება რუსეთი პუტინის შეცვლის შემთხვევაში.
"როგორც რუსეთისთვის, ასევე ნატო-სთვის და ევროკავშირისთვის მომგებიანი იქნება,რომ რუსეთმა შეცვალოს საგარეო პოლიტიკის კურსი და მოლაპარაკების რეჟიმზე გადავიდეს, თუმცა, ვერ გეტყვით, დამოკიდებულია თუ არა ეს, რუსეთის პრეზიდენტის შეცვლაზე, "_აღნიშნავს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, უილიამ ლაჰიუ.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ბალტიისპირეთში, რუსეთის საზღვართან ახლოს, ორივე მხარეს სამხედროები ომისთვის პრაქტიკულად მზად არიან.
როგორც ცნობილია, რუსეთმა არ შეასრულა უკრაინაში ყირიმის ანექსიის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება, არც 2008 წელს, საქართველო-რუსეთის აგვისიტოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას ასრულებს სრულად.
შესაძლოა, უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინტენსიური სროლის ხმა არ ისმის, მაგრამ გრძელდება მცოცავი ოკუპაცია, ადამიანების გატაცება. ერთ-ერთ შემთხვევას კი გიგა ოთხოზორიას სიცოცხლეც ემსხვერპლა.