ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მოედანში მდებარე კარიერის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ ამ ობიექტზე სამუშაოების ლიცენზიის მქონე კომპანიის "ჯორჯია 2012"-ის წარმომადგენლები, რომლებმაც პოზიციების გასამყარებლად გარკვეული არგუმენტები წარმოადგინეს.
სოფელ მოედანში, მდინარე სუფსიდან ქვიშა-ღორღის მოპოვებას მიუღებლად მიიჩნევენ როგორც სოფლის მოსახლეობა, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც. მათი მოსაზრებით, მდინარე სუფსის ჭარბი აკუმულირებული უბნებიდან ინერტული მასალის გატანა დასაშვებია მხოლოდ შავი ზღვის სანაპიროს აღდგენის მიზნით და არა სხვა გამოყენებისთვის.
მიუხედავად ამისა, ამ ტერიტორიაზე აღნიშნული სადავო ლიცენზია ჯერ კიდევ 2013 წლის 25 ოქტომბერს გაიცა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ. მისი თავდაპირველი მფლობელი ილია ებრალიძე გახლდათ, რომელმაც ეს უფლება 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით შპს "ნიუ სფეისს" გადაულოცა 2018 წლის 26 ოქტომბრამდე. სწორედ "ნიუ სფეისსა" და "ჯორჯია 2012"-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის იჯარით გადაცემის შესახებ.
კომპანია "ჯორჯიან 2012"-ის მენეჯერს მეგი დავლაშელიძეს მიაჩნია, რომ მათ მიმართ კანონდარღვევას აქვს ადგილი. როგორც ის ამბობს, კომპანიამ სოფელ მოედანში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია მიმდინარე წლის ივნისში მიიღო, თუმცა, აქამდე არ მიეცა საშუალება, სამუშაოები ეწარმოებინა და შედეგად გარკვეული ფინანსური ზარალიც მიიღო.
"ლიცენზია ყველანაირი კანონის დაცვით გვაქვს მოპოვებული. ერთი თვეა უკვე, რაც სამუშაოების წარმოებას ვერ ვახერხებთ, რისთვისაც ჯარიმები ყოველდღიურად გვეზრდება. უკვე ყველა რესურსი ამოგვეწურა. კანონით გვაქვს უფლება, რომ კარიერზე შევიდეთ და სამუშაოები ვაწარმოოთ, ვერ გავიგეთ, რატომ გვიშლიან ხელს?! ჩვენ საკუთარ ქონებას და უფლებებს ვიცავთ. გვყავს დაქირავებული მუშები, რომელთა უკან ოჯახებია და დღეს მათ ერთ თეთრსაც ვეღარ ვაძლევთ. გვითხრას ვინმემ, რა დავაშავეთ. ეს არის ჩემი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო. ვინ ამინაზღაურებს ზარალს? ყველანაირად ვეცდებით, რომ შევიდეთ კუთვნილ ობიექტზე, მერე კი ყველამ კანონთან შესაბამისად აგოს პასუხი, თუ რატომ არ იმოქმედეს თავის დროზე ისე, როგორც ამას კანონი ავალდებულებდათ.
ვფიქრობ, ამ ყველაფრის უკან ვიღაცის ინტერესები დგას, პირად საუბრებში სხვას მეუბნებიან, საჯაროდ კი სულ სხვას ამბობენ. კაცი, რომელიც ყველაზე მეტს ყვიროდა და შეურაცხყოფას მაყენებდა, მოვიდა ჩემთან და მეუბნება, რომ თუ ასე არ მოიქცეოდა ჩაქოლავდნენ. ფაქტია, ეს ვიღაცისგან მართული პროცესია, თითიდან გამოწოვილ პრობლემაზე აგებული. ჩვენ მდინარესთან საერთოდ არ გვაქვს შეხება, არაფერს ვაფუჭებთ", _ ამბობს მეგი დავლაშელიძე.
ლიცენზიის გაუქმების მომხრეები ამბობენ, რომ შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალია ამ კომპანიისთვის შეირჩეს ალტერნატიული ადგილი, სადაც მოხდება სამუშაოების წარმოება, თუმცა, ამას არ ეთანხმება "ჯორჯია 2012"-ის მენეჯერი.
"სხვათაშორის, როცა ადგილმონაცვლეობაზე წავიდა საუბარი, მაგაზეც დავიწყეთ მუშაობა, გავაგზავნეთ წარმომადგენელი ქუთაისში, სადაც სიცილი დაგვაყარეს, რა ჩანაცვლება, ასეთი რამ არ არსებობსო. გვითხრას ვინმემ, სად წავიდეთ, რა მთის კარიერზე გვესაუბრებიან. თუ კვერცხი მჭირდება, რძე მოვიტანო? ყველა ინსტანციაში გვაქვს გარკვეული ეს საკითხი და ყველგან გვეუბნებიან, რომ ჩვენი მხრიდან კანონის დარღვევას ადგილი არ აქვს, ყველაფერი წესრიგში გვაქვს და თავისუფლად შეგვიძლია სამუშაოების წარმოება. ბრძანებულება კი, რომელიც პრემიერმა გამოსცა 2014 წელს და რომლითაც აპელირებენ ოპონენტები, მანამდე გაცემულ ლიცენზიებზე არ მოქმედებს. ახლა ვინმემ გამარკვიოს, რატომ ირღვევა ჩვენ მიმართ კანონი და ვინ უნდა დაიცვას ჩვენი უფლებები?!" _ კითხვას სვამს კომპანია "ჯორჯიან 2012"-ის მენეჯერი მეგი დავლაშელიძე და სამომავლოდ, კუთვნილ ობიექტზე სამუშაოების განახლებას ყოველ მიზეზგარეშე გეგმავს.