პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში გატარებული რეფორმების შესახებ ვრცელ სტატიას გლობალური მედია პლატფორმა – Opendemocracy აქვეყნებს.
ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია პოლიტიკისა და სოციალური საკითხების ანალიზით და რომლის მთავარი ორიენტირი ადამიანის უფლებებია, საქართველოში 2012 წლამდე არსებულ უმძიმეს ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას.
ავტორი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის 2016 წლის ანგარიშს ეყრდნობა, რომელიც ქვეყანაში 2004-2012 წლებში წამების პრაქტიკას ეხება. სტატიაში მოყვანილია წამების საკითხებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის მანფრედ ნოვაკის 2005 წლის მონიტორინგისა და 2015 წელში არსებული ვითარების ამსახველი ანგარიშების შედარებაც.
"ათი წლის შემდეგ, 2015 წლის დასაწყისში, გაერო დაბრუნდა საქართველოში რათა აღმოეჩინა სრულიად განსხვავებული სიტუაცია – პატიმართა რაოდენობა განახევრდა და მრავალი აღმაშფოთებელი პრაქტიკა და სასჯელი საერთოდ გაუჩინარდა სისტემიდან", – ასე აფასებენ სტატიაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლები ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს.
"ქართულ ციხეებში წამება ოდესღაც ნორმად ითვლებოდა – ეს არის ის რაც ეფექტურად აღიკვეთა", – Opendemocracy-ის ვებ-გვერდზე სტატია ამ სათაურით გამოქვეყნდა.