საქართველოში ჩატარებული ფინანსური განათლების კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობას საშუალო ფინანსური ცოდნა აქვს.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, სადაც აღნიშნულია, რომ იკვეთება ფინანსური განათლების ამაღლების მიმართულებით გააქტიურებული მუშაობის აუცილებლობა.
"კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობას საბაზისო ფინანსური ცნებების – როგორიცაა პროცენტი, რისკები და უკუგება, ინფლაცია – დამაკმაყოფილებელი ცოდნა აქვს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ამა თუ იმ ფორმით ზოგავს ფულს, ხოლო გამოკითხულთა 87%-მა აღნიშნა, რომ მონაწილეობას იღებს პირადი ან ოჯახის მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში.
თუმცა, აღნიშნულმა კვლევამ ასევე წარმოაჩინა, რომ ხშირ შემთხვევაში, მომხმარებლებს ფინანსური პროდუქტების არასათანადო ცოდნა აქვთ და შესაბამისად, ნაკლებად იყენებენ მათ; გარდა ამისა, გამოკითხულთა დიდი ნაწილი ფულს სახლში ინახავს და მხოლოდ მოკლევადიანი ფინანსური მიზანი აქვს, ან საერთოდ არ გააჩნია ფინანსური მიზანი", – ნათქვამია კვლევაში.
აღნიშნულ კონფერენციაზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებას EFSE-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ბინათმესაკუთრეებისა და მცირე ბიზნესებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო ბროშურები წარუდგინა.
"ორივე პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ფინანსური განათლების მიმართულებით: კვლევის შედეგები საყურადღებოა ფინანსური განათლების პროგრამების განვითარებისთვის და ამასთან, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ე.წ. „ბენჩმარკების“ დასახვისთვის. ბროშურები კი, თავის მხრივ, მომავალ ბინათმესაკუთრეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს საკვანძო ინფორმაციასა და პრაქტიკულ რჩევებს სთავაზობს. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ "ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამას ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული ფინანსური განათლების წამოწყებების მუდმივი მხარდაჭერისთვის", – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.