9 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, ლანჩხუთის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ასახულმა მილიონ 652 300 ლარმა, რომელიც თექვსმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულზე გადანაწილდა, საკრებულოს წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თანხა, რომელიც მათ სოფელს ერგო, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად არაა საკმარისი.
სუფსის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯუმბერ ბლაგიძემ საკუთარი წყენა ამ ფაქტთან დაკავშირებით საკრებულოს ბოლო სხდომაზე ხმამაღლა დააფიქსირა და როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელს, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა, რომ ადგილზე ჩასულიყვნენ და საკუთარი თვალით ენახათ, რა მდგომარეობაცაა სუფსაში. ბლაგიძის თქმით, სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულს მოთხოვნილი თანხის მხოლოდ 10% ერგო:
"მე ამომრჩეველთან ვარ პასუხისმგებელი _ ის მთხოვს დახმარებას. ყველაფერი დავასურათე თითქოს, მაგრამ ზარალის ზომები შემცირებულია", _ აღნიშნა ბლაგიძემ და იმ კომისიის შემადგენლობაც დაიწუნა, რომელიც ადგილზე სწავლობს სტიქიის შედეგებს.
აღმოჩნდა, რომ წელს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო თანხიდან სუფსას მხოლოდ 20 ათასი ლარი ერგო, რომელიც მოსახლეობის ნაკვეთის მიმდებარედ კოლექტორის რეაბილიტაციას მოხმარდება.
იმავე სხდომაზე მყოფმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ უპასუხოდ არ დატოვა ბლაგიძის მხრიდან გამოთქმული შენიშვნა:
"ყველგან პირადად ჩავდიოდი და ვნახულობდი ობიექტებს. სუფსაში მე დაზიანებული ობიექტი არ მინახავს. თქვენ ვისაც ენდობით, იმას დაათვლევინეთ ზარალი".
ბლაგიძის გარდა, სტიქიის თანხის განაწილებით უკმაყოფილო დარჩა ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატი თემურ ალექსაიაც, რომელიც, როგორც გაირკვა, 60 ათას ლარს ითხოვდა, თუმცა, საბოლოოდ, 34 ათასი ლარი ერგო, რაც სამ ობიექტზე გადანაწილდა. კერძოდ, სოფელ ნიგოითში 4 ათას ლარი დამეწყრილი ადგილის გაწმენდასა და დამცავი რკინა-ბეტონის კედლის მოწყობას მოხმარდება; ნიგოითშივე 24 ათას ლარად ხიდი გაკეთდება; სოფელ ქვიანშიც ხიდის რეაბილიტაციას მოხმარდება დარჩენილი თანხა.
სხვათა შორის, ალექსაია გასული წლის ოქტომბერში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო 850 ათასი ლარის განაწილებითაც ვერ დარჩა კმაყოფილი, რომელიც საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ახლა გამოეყო მუნიციპალიტეტს _ ამ თანხიდან ნიგოითს 10 982 ლარი ერგო.
სოფელ ჩოჩხათის წილმა ცხრა ივლისის სტიქიის სალიკვიდაციო თანხიდან 78 800 ლარი შეადგინა. ჩოჩხათის მაჟორიტარი დეპუტატის მოსაზრებით, როცა სახელმწიფო გაძლევს ამდენს თანხას, მასზე უარის თქმა დაუშვებელია: "ფეხის ტრავმის გამო, არ ვიცი, ჩოჩხათს რა ზიანი მიადგა, მაგრამ ამ თანხაზე უარის თქმა არ ღირს. სტიქია ყველგან ერთნაირი არ იქნება და თანხები გადავანაწილოთ", _ აღნიშნა სარიშვილმა.
78 800 ლარიდან, რომელიც ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულს ერგო, 6 900 ლარი სოფელ ხორეთთან დამაკავშირებელი ხიდის აღდგენას მოხმარდება, 1400 ლარად მილხიდი გაკეთდება, ხოლო 18 ათასი ლარით _ ყორე-ქვის გაბიონი გაკეთდება იქ, სადაც მდინარემ წაიღო და დააზიანა მოსახლეობის ნაკვეთები. ჩოჩხათში, ე.წ. კუპრაძეების უბანში სტიქიის გამო მწყობრიდან გამოსული ხიდის მოსაწყობად 19 500 ლარია გათვალისწინებული, 22 ათასი ლარით კი ნაბუქარაში მდინარის მიერ ჩამოშლილი გზის ნაპირის რეაბილიტაცია გახორციელდება. დაზიანებული შიდა სასოფლო გზების აღდგენისთვის 11 ათასი ლარია გამიზნული.
უშუალოდ ქალაქის ტერიტორიაზე ცხრა ივლისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციოდ 35 500 ლარი გაიხარჯება. აქედან, 17 500 ლარით საცალფეხო ხიდის ნაპირსამაგრი სამუშაოები გახორციელდება, ხოლო 18 ათასი ლარი ხოფერიას ქუჩაზე ხიდის რეაბილიტაციას ესაჭიროება.
აკეთის ადმინისტრაციაში, სტიქიის თანხიდან 118 500 ლარის სამუშაოების შესრულება იგეგმება: 20 400 ლარი ხიდის აღდგენისთვის გაიხარჯება აცანა-აკეთის დამაკავშირებელ გზაზე; 18 ათასი ლარია საჭირო აკეთი-ძიმითის გზის მონაკვეთზე მილხიდის რეაბილიტაციისთვის; 2 200 ლარით სტიქიის შედეგად დამეწყრილი გზა გაიწმინდება; 3 500 ლარით აკეთში მცხოვრები გოჩა ჩხაიძის ეზოსთან მილხიდი გაკეთდება; 8 600 ლარით ასევე მილხიდი გაკეთდება; სოფელ გაგურში საბავშვო ბაღთან მილხიდის მოწყობას 5 300 ლარი ესაჭიროება; დაზიანებული ხიდის მოსაწყობად 17 500 ლარია გამოყოფილი; ოზურგეთთან დამაკავშირებელ გზაზე ხიდის აღსადგენად 18 ათასი ლარია საჭირო, ხოლო სოფლის შიდა გზების რეაბილიტაციისთვის 25 ათასი ლარია გამოყოფილი.
მამათის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა 159 600 ლარი შეადგინა, რაც შვიდ ობიექტზე გადანაწილდა. კერძოდ, კონჭკათის გზაზე ჩამოწოლილი მეწყრის გასაწმენდად 10 500 ლარი დაიხარჯება; ქვემო მამათში მდინარეზე ნაპირსამაგრი სამუშაოების შესასრულებლად 52 500 ლარი საჭირო; ე.წ. საცავას უბანში ხიდის მოწყობას 18 200 ლარი მოხმარდება; ამავე უბანში მეორე ხიდის სრული რეაბილიტაციისთვის 20 600 ლარია გამოყოფილი; მამათში მცხოვრები ზურაბიშვილის ეზოსთან მდებარე ხიდის წესრიგში მოსაყვანად 23 500 ლარია საჭირო; სოფლის სასაფლაოსთან საცალფეხო ხიდის რეაბილიტაციისთვის _14 300 ლარი; შიდა გზების აღდგენისთვის _ 20 ათასი ლარი.
ჯურუყვეთში სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ამ ჯერზე 160 ათასი ლარი გაიხარჯება. 35 ათას ლარად აქ ვასილ გიგინეიშვილის ეზოსთან დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია მოხდება; ასევე ხიდი გაკეთდება ჯურუყვეთელი აკაკი დიასამიძის ნაკვეთთან, რისთვისაც 45 ათასი ლარია საჭირო; ამავე სოფელში, ერთ-ერთ ეზოსთან არსებული ხიდის გამაგრებას 5 000 ლარი მოხმარდება; ასევე ხიდის რეაბილიტაციას მოხმარდება დარჩენილი 75 ათასი ლარიც.
ღრმაღელეში სტიქიამ რვა ობიექტი დააზიანა, რისთვისაც 117 200 ლარია საჭირო. აქ გზის გარკვეულ მონაკვეთზე, სადაც ჩამოწოლილია მეწყერი და ჩახერგილია საწრეტი არხი, გაწმენდითი სამუშაოების გასახორციელებლად 1 200 ლარია საჭირო; სოფელ ომფარეთში, სადაც ადგილი აქვს მეწყერულ მოვლენებს და საფრთხე ემუქრება საკარმიდამო ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლს, გამაგრებითი სამუშაოების შესასრულებლად 7 000 ლარი დაიხარჯება; სოფელ ორმეთში ერთ-ერთი მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთთან ხიდის მოსაწყობად 15 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება; მსგავსი საქმისთვის წყალწმინდაში 17 ათასი ლარია საჭირო; წყალწმინდაშივე მდინარეზე ნაპირსამაგრი სამუშაოები გახორციელდება და ჯამში 47 ათასი ლარია გათვალისწინებული; დაზიანებული შიდა გზების რეაბილიტაციას 30 ათასი ლარი მოხმარდება.
ნინოშვილში სტიქიის ზარალმა 133 500 ლარია შეადგინა, რაც ხუთ ობიექტზე გადანაწილდა: აქ 60 ათასი ლარით ყორე-ქვის გაბიონით მდინარის კალაპოტი გაკეთდება; ხიდისთვის 12 ათასი ლარია საჭირო; 13 500 ლარად კი ე.წ. "ანჯიეთის" ხიდის რეაბილიტაციას მოხმარდება; სანიაღვრე არხის მოწყობისთვის 9 800 ლარია გამიზნული. მოსახლის ეზოსთან ორრიგიანი ყორე-ქვის გაბიონის გასაკეთებლად 32 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება; ნინოშვილში გზის შეკეთებისთვის 6 200 ლარი გახდა საკმარისი.
ყველაზე მეტი თანხა აცანას ერგო, სადაც რვა ობიექტზე სამუშაოების შესასრულებლად 235 700 ლარია გათვალისწინებული. აქედან ორ ობიექტზე მილხიდის რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც ჯამში14 800 ლარია საჭირო; 8 500 ლარის სამუშაოები შესრულდება იმ მონაკვეთზე, სადაც მეწყერმა გარესამყაროს ხუთი ოჯახი მოწყვიტა; ხიდის მოწყობისთვის 6 200 ლარითაა შესაძლებელი; მდინარე აცაურასგან დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციას 60 ათასი ლარი მოხმარდება; აცანა-აკეთის გზაზე, სადაც სანიაღვრე არხის მოწყობაა აუცილებელი, 120 ათასი ლარი დაიხარჯება; ე. წ. მერვე ბრიგადაში ჩამოწოლილი მეწყერის გასაწმენდად 1 400 ლარი გამოიყო; 24 800 ლარით დაზიანებული შიდა გზების რეაბილიტაცია მოხდება.
ზარალმა სოფელ შუხუთში 44 600 ლარი შეადგინა, საიდანაც ზემო შუხუთში სანიაღვრე არხის გასაწმენდად 3 500 ლარი დაიხარჯება; ორ ობიექტზე ყორე-ქვის გაბიონის გასაკეთებლად, ჯამში, 37 600 ლარია გამიზნული, ხოლო შეროზიების უბანში 3 500 ლარად რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი მოეწყობა.
გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში 175 ათასი ლარის სამუშაოები შესრულდება სტიქიის სალიკვიდაციო თანხიდან, რაც სრულად მოხმარდება ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულებას.
მაჩხვარეთისთვის 121 300 ლარია გათვალისწინებული, რაც ხუთ ობიექტზე გადანაწილდა: 22 ათას ლარად ორაგვეში დაზიანებული ხიდის აღდგება; 21 ათასი ლარი გზის შევიწროებული ნაწილის აღდგენისთვის დაიხარჯება; ერთ-ერთი მოსახლის ეზოსთან ნაპირის გასამაგრებლად 35 ათასი ლარია საჭირო; ე.წ. "მაშოს" ხიდის რეაბილიტაციას 17 500 ლარი ესაჭიროება; რკინა-ბეტონის არხის მოსაწყობად 7 800 ლარია გამიზნული; ორაგვეში გზის შეკეთებას 62 ლარი სჭირდება.
ჩიბათში ზარალის აღმოსაფხვრელად 145 200 ლარის სამუშაოები უნდა გახორციელდეს: მურმან ქურციკიძისა და მანანა იმნაძის ნაკვეთებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, ჯამში, 48 ათასი ლარი სჭირდება; არხის გაწმენდისთვის 5 500 ლარია გათვალისწინებული; ყორე-ქვის გაბიონის მოწყობა ჩიბათში სამ ობიექტზე მოხდება და მთლიანობაში საამისოდ 46 300 ლარია განკუთვნილი; "კანტორასთან" ხიდის რეაბილიტაცია 1 400 ლარის სამუშაოებს ითვალისწინებს, ხოლო მერეს უბანში დაზიანებული ხიდის მოწყობასთან ერთად, ნაპირსამაგრი სამუშაოებიც უნდა გახორციელდეს, რისთვისაც 30 ათასი ლარია გამიზნული.
ნიგვზიანში 114 ათას ლარად ხუთ ობიექტზე გახორციელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. აქ ხიდის რეაბილიტაცია ორ ადგილზე მოხდება და ჯამში, 34 ათასი ლარია გათვალისწინებული. ასევე, ორ ობიექტზეა გასახორციელებელი ნაპირსამაგრი სა