თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
დავით ნარმანია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მოადგილეებთან _ გიგა ნიკოლეიშვილთან, ირაკლი ლექვინაძესთან, ნატო ქიტიაშვილთან და ნინა ხატისკაცთან, ასევე, საბურთალოს რაიონის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად იმყოფებოდა.
„თითოეული ჩვენგანისთვის დღევანდელი დღე არის ძალიან მძიმედ მოსაგონარი და ძალიან ემოციური დღე. ყველანი მოვდივართ იმისათვის, რათა გავიხსენოთ ის ბიჭები, ვის მხრებზეც გადავიდა ჩვენი ქვეყნის სიძლიერე, ჩვენი ქვეყნის სიმტკიცე. ისინი ნამდვილი გმირები არიან, ნამდვილად არიან ღირსები იმისა, რომ ყოველთვის გავიხსენოთ და მოვიგონოთ მათი სახელები და მეორეს მხრივ, ბევრი მსგავსი ვაჟკაცი სჭირდება ჩვენს ქვეყანას. გვჭირდება ისეთი ვაჟკაცები, რომლებიც დღე და ღამე იფიქრებენ და იზრუნებენ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე, ჩვენი ქვეყნის სიძლიერეზე. ასეთები გვყავს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყოველთვის ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე იქნებიან", _განაცხადა თბილისის მერმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.