ყირიმ-კონგოს ვირუსის თემა დღეს ძალზე აქტუალურია, მით უფრო, არ არსებობს დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა. არა ერთი ჩვენი ფერმერი დაინტერესებულია, ჰქონდეს მეტი ინფორმაცია აღნიშნული დაავადების შესახებ.
ახლახან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს თენგიზ ყურაშვილს შეხვდა.
შეხვედრას დაესწრნენ ვეტექიმი, მეცხოველეობის დარგის ნოვატორი თამაზ კილაძე და გამგეობის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი ხარაბაძე.
შეხვედრის მიზანი გავრცელებული ვირუსული დაავადების საწინააღმდეგო აქციის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა იყო.
_ ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. ვირუსი ეპიდაფეთქებებით ხასიათდება. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, სისხლჩაქცევები კანზე, კანქვეშ, ნაკბენის მიდამოებში და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. ეს საკმაოდ მძიმე ვირუსული დაავადებაა და მაღალი ლეტალობით ხასიათდება. ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით ვაწარმოებთ ქვეყნის ფარგლებში იმ კერების შესწავლას, სადაც შეიძლება ვირუსის გადამტანი ტკიპები არსებობდნენ, რის შემდეგაც პრევენციული ღონისძიებები გატარდება, _ აღნიშნა თენგიზ ყურაშვილმა.