სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა საკვებ ბალანსში განსაკუთრებით დიდ ადგილს იკავებს მარცვლოვანთა და პარკოსანთა ჩალა.
შემოდგომის დადგომისთანავე, ჩალის და თივის კვებისწინა შემზადების არაერთი ნაცადი მეთოდი არსებობს. ჩვენ გირჩევთ, გამოიყენოთ მათ შორის მარტივი წესები, რომელიც შესაძლებელია, დავნერგოთ მეცხოველეობის ფერმებსა თუ მცირე საფერმერო გარემოში. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, მაქსიმალურად და უდანაკარგოდ გამოვიყენოთ ჩალა ცხოველთა კვებაში და გავზარდოთ მათი პროდუქტიულობა.
ჩალის დაჭრა, დანამვა და შეზავება მიზნად ისახავს, გაუადვილოს ცხოველს მისი ჭამა და თავიდან ავიცილოთ დანაკარგი. პირუტყვისთვის დაჭრილი ჩალის მიცემის წინ საჭიროა, ის დავასველოთ მარილიანი წყლით იმ ანგარიშით, რომ ყოველ ათ კილოგრამ ჩალაზე მოდიოდეს ხუთი ლიტრი მარილიანი წყალი.
ასე მომზადებულ ჩალას პირუტყვი მადიანად და დიდი რაოდენობით ჭამს. დაჭრილი და დასველებული ჩალა შესაძლებელია შევაზავოთ შავი პურის ფქვილით, ქატოთი, დაფქვილი კოპტონით, დაჭრილი ძირხვენით, სილოსით…
უხეშ საკვების სამზადისს, ბალახისმჭამელ ცხოველთა ბაგური შენახვის პერიოდისთვის, შემოდგომიდანვე უნდა შევუდგეთ. თივა უმნიშვნელოვანესი საკვებია და მისი გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან უიმისოდ ორგანიზმს დიდი ზიანი ადგება.
მარცვლოვანების და პარკოსნების შემცველი ხარისხიანი თივა უნივერსალური საკვებია. ცხოველის საზრდოობისთვის ის ყველა საჭირო ნივთიერებას შეიცავს თავისი ფიზიკური აგებულებით, აგრეთვე, დიეტური თვისებებით კარგად პასუხობს ბალახისმჭამელ ცხოველთა კუჭ-ნაწლავის მოთხოვნებს, უზრუნველყოფს მონელებითი რეფლექსების აქტივაციას და ულუფის ნორმალურ შეთვისებას. ამიტომ თივის წარმოების გაფართოება და ბაგური შენახვის პერიოდის მოახლოებისას სამზადისი, პირუტყვის ამ საკვებით უზრუნველსაყოფად, დიდ ყურადღებას ითხოვს.
თივის ხარისხი, საყუათო ღირებულება მეტად ცვალებადია. ეს თავისებურება ყველა თივას ახასიათებს, მაგრამ განსაკუთრებით შესამჩნევია ე. წ. მდელოს თივის მიმართ. ხშირია მდელოს თივის (რასაც გურიაში ამზადებენ), მდარე ხარისხი და ყუათიანობა. თივის ხარისხი და სასაზრდოო ღირსება მრავალი პირობით განისაზღვრება. ამ პირობებიდან აღსანიშნავია ბალახის გათიბვის ვადები ანუ მცენარის განვითარების სავეგეტაციო პერიოდი და შრობა-შენახვის ხერხები. რაც უფრო მცირე ასაკისაა მცენარე, მით მეტი რაოდენობით შეიცავს ადვილმონელებად ნახშირწყლებს და მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოცდილების მქონე ჩვენმა ფერმერებმა, ვისაც საოჯახო მეურნეობა წლების მანძილზე აქვთ, კარგად იციან თივის დამზადების წესი, თიბვის დაწყების დრო. და მაინც კიდევ ერთხელ გირჩევთ, რომ საკვებად თივის დამზადება, მხოლოდ ადრე გათიბული ბალახისგან შეიძლება. ამ შემთხვევაში ბალახის გათიბვა უნდა ხდებოდეს დაკოკრების ან თავთავების ამოღების პერიოდში. ბალახის ადრე გათიბვა, ამასთანავე, სარეველა მცენარეების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე კარგი საშუალებაა. ადრე გათიბვის პირობებში სარეველა მცენარეები ვერ ასწრებენ თესლის დამწიფებას, რითაც მათი შემდგომი გავრცელება შეუძლებელი ხდება.
მაღალყუათიანი, ვიტამინოვანი თივის მიღებაზე ზრუნვა მარტო ბალახის ადრე გათიბვით არ ამოიწურება _ გათიბული ბალახი ისე უნდა გავაშროთ, რომ მთლიანად შევინარჩუნოთ თავთავი და თავიდან ავიცილოთ მწვანე ბალახის გაუფერულება, შეხურება და სხვა არასასურველი მოვლენები. უმეტესად ჩრდილში შრობა უზრუნველყოფს ბალახის მწვანე ფერის შენარჩუნებას, ამავე დროს, ვიტამინების გადარჩენას. სპეციალური ჩრდილების მოწყობა შეუძლებელია, მაგრამ გათიბვის შემდეგ შემხმარი ბალახის დაბულულება და ისე შრობა უზრუნველყოფს ვიტამინების გადარჩენას.
შრობის პროცესში მყოფი მასის ყოველგვარი გადანაცვლება _ შექუჩება, გაშლა, გადაზიდვა და სხვა, ისე უნდა ვაწარმოოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ხმელი ბალახის ფოთლის მტვრევა თუ კარგვა. როგორც კი ასეთი შრომა დასრულდება, თივა უნდა დაიზვინოს. რაც უფრო დიდი ზომის იქნება ზვინი თუ ზვინბულულა, მით უფრო უკეთ შეინახება თივა. ამის გარდა, დაზვინვისას თივის მაგრად დატკეპნვას დიდი მნიშვნელობა აქვს _ კარგად დატკეპნილი ზვინი წარმატებით უზრუნველყოფს თივის ხანგრძლივად და უდანაკარგოდ შენახვას სუნის, არომატის, საგემოვნო თვისებების, ვიტამინოვანი თვისებების შესანარჩუნებლად.