"საპარტნიორო ფონდი" "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" პასუხობს. როგორც "საპარტნიორო ფონდის" განცხადებაშია ნათქვამი, ფონდი იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციის დადებით შეფასებას საპარტნიორო ფონდში მიმდინარე და დასრულებული პროექტების თაობაზე.
კერძოდ, რომ "საპარტნიორო ფონდის" მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების უმრავლესობა აკმაყოფილებს მიზანშეწონილობისა და გამჭვირვალობის კრიტერიუმს". თუმცა, კვლევაში გამოთქმულია შენიშვნები "საპარტნიორო ფონდის" სამ პროექტთან დაკავშირებით, რომლებსაც ფონდში არ იზიარებენ.
"საპარტნიორო ფონდისა" და ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ფონდი განმარტავს, რომ არც ერთ ოფშორულ კომპანიაში ფონდი ინვესტირებას არ აკეთებს.
"ნებისმიერი პროექტის დაფინანსების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს პარტნიორისგან ადგილობრივი ერთობლივი კომპანიის დაფუძნება. ანალოგიურად, კომპანია Merrydow Development Holdings LTD-ს საქართველოში რეგისტრირებული ჰყავს შვილობილი საპროექტო კომპანია შპს "რუსთაველი ფროფერტი", რომელიც ახორციელებს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Hyatt Regency Tbilisi-ის პროექტს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 65 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და პროექტის დაფინანსებაში ასევე ჩართულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და კომპანიას ყველა შესაბამისი პროცედურა გავლილი აქვს. ამასთან, კანონმდებლობით, ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებთან პარტნიორული ურთიერთობა შეზღუდული არაა. შეგახსენებთ, რომ კანონი არა თუ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის მიერ საქართველოში დაფუძნებულ კომპანისთან პარტნიორულ ურთიერთობას, არამედ თავად ოფშორულ კომპანიასთან თანაპარტნიორობას არ კრძალავს.
დასკვნაში გაჟღერდა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სახელი. "საპარტნიორო ფონდმა" გადაამოწმა ინფორმაცია. მოგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე იყო "საპარტნიორო ფონდისა" და ისრაელის გიგანტი კომპანია "ელბიტ სისტემსის" შვილობილი კომპანიისთვის ერთ-ერთი საოფისე ფართის გამქირავებელი კომპანიის, კერძოდ, "როიალ დეველოპმენტის ერთ-ერთი თანამფლობელი. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია რა კავშირი შეიძლება ქონოდა მას საპარტნიორო ფონდთან. უფრო მეტიც, დასკვნაში მოხსენიებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მასთან მიმართებაში "საპარტნიორო ფონდთან" რა კავშირზეა საუბარი კვლევაში მითითებული ასევე არ არის, არ არის მოყვანილი არგუმეტები, შესაბამისად, ეს შენიშვნაც აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუგებერია.
რეკომენდაციაში ასევე მითითებულია, რომ საპარტნიორო ფონდის ვებგვერდზე მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ არასაკმარისი ინფრმაციაა განთავსებული. საპარტნიორო ფონდი განმარტავს, რომ ფონდის ვებგვერდზე ბიზნესის კომერციული საიდუმლო ინფორმაციის დაცვის გათვალისწინებით სრული და დეტალური ინფორმიაცია იძებნება. მომართვის შემთხვევაში საპარტნიორო ფონდი ყველა დაინტერესებულ პირს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის. მზად ვართ ნებისმიერი ინფორმაციის გასაჯაროვებისთვის კონფიდენციალობის პრინციპის დაცვით. რაც შეეხება "საპარტნიორო ფონდის" პარტნიორი კომპანიების მიერ შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობას. "საპარტნიორო ფონდი" განმარტავს, რომ ერთობლივ კომპანიებში იგი როგორც წესი მინორიტარული წილით არის წარმოდგენილი (როგორც წესი საპარტნიორო ფონდი არ ფლობს საკონტროლო პაკეტს ერთობლივ კომპანიებში), შესაბამისად, აღნიშნული კომპანიები არ არიან ვალდებულები შესყიდვების დროს იხელმძღვანელონ სახელმწიფო შესყიდვების კანონის წესებით, თუმცა ფონდი სხვადასხვა მეთოდებით აღწევს შესყიდვების მაქსიმალურ გამჭირვალობას იქნება ეს ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა, ფასთა გამოკითხვა, ღია და დახურული ტენდერები თუ სხვა.
დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია ცნობილ ბიზნესმენ ალექსანდრე მაშკევიჩზე, "საპარტნიორო ფონდს" არაერთი განცხადება გაუკეთებია, რომ "ჰუმანით ჯორჯიას" საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ინიციატივა, სწორედ ალექსანდრე მაშკევიჩს ეკუთვნის. პროექტის დაანონსების დღიდან ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების გაიაფება დაიწყო და ბაზრის დივერსიფიკაციის მცდელობამ თავისი შედეგი გამოიღო, რაც წლების განმავლობაში შეუძლებელი იყო. ცნობილი ბიზნესმენი ალექსანრე მაშკევიჩი ჩართულია პროექტში და ის აგრძელებს თანამშრომლობას", _ ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
რაც შეეხება უჩა მამაცაშვილის საქმიანობას, "საპარტნიორო ფონდში", განმარტავენ, რომ უჩა მამაცაშვილი ფონდში არ მუშაობს.
"ჩვენთვის საამაყოა რომ იმ ფონდის საქმიანობაში რომელიც 5 მილიარდის აქტივებს ფლობს და სხვადასხვა დარგში ათეულობით პროექტს ახორციელებს, სხვა შენიშვნები არა გაქვთ. იმის გამო, რომ საპარტნიორო ფონდის საქმიანობა დიდ ინტერესს იწვეს, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ღონისძიებას, სადაც ფონდში მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ სრულ ანგარიშს ჩავაბარებთ საზოგადოებას", _ აცხადებს "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.
ცნობისთვის, გუშინ, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ გამოაქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც, საპარტნიორო ფონდის საქმიანობა მეტ გამჭვირვალობას საჭიროებს.
კერძოდ, ორგანიზაციის მიერ შესწავლილი ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ "საპარტნიორო ფონდის" მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების უმრავლესობა აკმაყოფილებს მიზანშეწონილობისა და გამჭვირვალობის კრიტერიუმს, თუმცა არის სამი პროექტი (ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hyatt Regency, სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა და კომპანია სს "ჰუმანითი ჯორჯია’’), რომლებიც გარკვეულ კითხვებს აჩენს.
"სს "საპარტნიორო ფონდი" სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია – მისი 100% სახელმწიფო საკუთრებაშია. შესაბამისად, მისი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების ეფექტიანობა და გამჭვირვალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო’’ ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებზე 2014 წელს უკვე წერდა. ჩვენ, ასევე, დავინტერესდით, თუ რა პროექტებს ახორციელებს ამ ეტაპზე ფონდი, რომელი პროექტი დაასრულა, და ვინ არიან ინვესტორები. ამ მიზნით ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ’’ კიდევ ერთხელ გამოიკვლია.
ჩვენ მიერ შესწავლილი ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ "საპარტნიორო ფონდის" მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების უმრავლესობა აკმაყოფილებს მიზანშეწონილობისა და გამჭვირვალობის კრიტერიუმს, თუმცა არის სამი პროექტი (ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hyatt Regency, სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა და კომპანია სს "ჰუმანითი ჯორჯია’’), რომლებიც გარკვეულ კითხვებს აჩენს.
ამ პროექტებში "საპარტნიორო ფონდთან" ერთად თანაინვესტორი კომპანიების: Merrydow Development Holdings LTD (მისი დირექტორი/ოფიცერი კომპანია ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული), შპს "როიალ დეველოფმენთის’’ (საეჭვოა მათი პროექტში მონაწილეობა) და სს "ჰუმანითი ჯორჯია’’ (კვალს ოფშორამდე მივყავართ) საქმიანობის შესახებ არსებული ინფორმაცია არასაკმარისი ან ბუნდოვანია. გარდა ამისა, სს "ჰუმანითი ჯორჯიასა" და შპს "როიალ დეველოფმენთის" შემთხვევაში იკვეთება კავშირები საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან და პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გავრცელებული ინფორმაციის ჭრილში – ივანიშვილის ახლო ნათესავის უჩა მამაცაშვილის "საპარტნიორო ფონდში" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ პირად საუბრებში ფონდშიც გვიდასტურებენ, რომ მამაცაშვილი ფონდში 2012-2016 წლებში მუშაობდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ფონდის ვებგვერდზე არ მოიპოვება. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმ პროექტებში, სადაც "საპარტნიორო ფონდი" მინორიტარია შემსრულებელი კომპანიების არჩევა ფასთა გამოკითხვით, მხოლოდ ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხდება. ეს სტანდარტები, ვფიქრობთ, საკმარისი არ არის პროექტების სათანადო გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ეს ყველაფერი ზოგიერთ შემთხვევაში კითხვებს აჩენს სახელმწიფო "საპარტნიორო ფონდის" მიერ სახელმწიფო თანხების გამჭვირვალე და ეფექტიან ხარჯვასთან მიმართებაში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიაჩნია, რომ:
აუცილებელია, "საპარტნიორო ფონდის’’ ვებგვერდზე მოცემული იყოს დეტალური და გადამოწმებული ინფორმაცია ყველა პროექტის შესახებ;
"საპარტნიორო ფონდის" მიერ დაფინანსებული პროექტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით დამატებითი რეგულაციები უნდა იქნას შემოღებული. კერძოდ, უმჯობესი იქნება, თუ კანონის დონეზე აიკრძალება "საპარტნიორო ფონდის" სახსრების ისეთ იურიდიულ პირებზე გაცემა, რომლებიც რეგისტრირებული არიან ოფშორულ ზონაში, ასევე, იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი;
ყველა პროექტში, მიუხედავად იმისა ფონდის მონაწილეობა მაჟორიტარულია თუ მინორიტარული, აუცილებელია, პროექტის მიზნებისთვის ნებისმიერი სამუშაოს შემსრულებელი პირის გამოვლენა სრულყოფილი (ღია და ინკლუზიური) ტენდერის გზით ხდებოდეს", _ აცხადებენ ორგანიზაციაში.