"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2016 წლის 24 აგვისტოს მიღებული დადგენილება კანონშეუსაბამოა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"24 აგვისტოს ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლითაც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სუბიექტებისთვის ნომრის მინიჭების ახალი წესი განსაზღვრა. დადგენილების მიხედვით, საარჩევნო სუბიექტს შეუძლია გამოიყენოს ის საარჩევნო რიგითი ნომერი, რომელიც მას ბოლო საერთო ადგილობრივი არჩევნებისთვის მიენიჭა. ახალი დადგენილებით უკვე ისარგებლა ორმა პარტიამ, „ახალმა მემარჯვენეებმა“ და „პატრიოტთა ალიანსმა“, მათ წილისყრის გარეშე მიიღეს საარჩევნო რიგითი ნომრები. დადგენილებით საკითხი საარჩევნო კოდექსისგან განსხვავებულად დარეგულირდა, რაც, ჩვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის დარღვევად უნდა ჩაითვალოს.
საკითხში უკეთ გასარკვევად მოკლედ აღვწერთ შექმნილ ვითარებას. მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, გარდა მორიგი საპარლამენტო არჩევნებისა, ასევე 6 ოლქში დანიშნულია გამგებლის რიგგარეშე არჩევნები, ხოლო 7 ადგილობრივ ერთმანდატიან ოლქში – საკრებულოს არჩევნები. სამი განსხვავებული არჩევნების ერთ დღეს გამართვა იწვევს გარკვეულ საკანონმდებლო ბუნდოვანებას. განვიხილოთ ცალ-ცალკე, თუ როგორ არეგულირებს საარჩევნო კოდექსი რიგითი ნომრის მინიჭების პროცედურებს საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს.
საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა საპარლამენტო არჩევნების დროს
-
საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება არჩევნების დღემდე არაუადრეს 36-ე და არაუგვიანეს 30-ე დღისა. მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში ნომრის მინიჭების შესახებ განკარგულება გამოიცემა არაუადრეს 8 სექტემბრისა.
-
პირველად ნომრის არჩევის უფლება აქვს იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა მიიღო. (იტოვებს წინა საპარლამენტო არჩევნებში მიკუთვნებულ რიგით ნომერს ან იღებს პირველ ნომერს.)
-
ამავე წესით ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მეორე და მესამე ადგილებზე გასულ პოლიტიკურ გაერთიანებებს.
-
თუ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში პირველ, მეორე ან მესამე ადგილზე გავიდა, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას.
-
დანარჩენი სუბიექტების რიგითი ნომრები წილისყრით გამოვლინდება.
საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დროს
-
პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, მოითხოვოს არჩევნებში იმ რიგითი ნომრით მონაწილეობა, რომელიც მას ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდა მინიჭებული რისთვისაც განცხადება უნდა წარუდგინოს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა.
-
დანარჩენი სუბიექტების რიგითი ნომრები წილისყრით გამოვლინდება.
საარჩევნო კოდექსი არ არეგულირებს თვითმმართველობის ორგანოების შუალედურ/რიგგარეშე არჩევნების დროს რიგითი ნომრის მინიჭების პროცედურებს. წინა შუალედური არჩევნების დროს ნომრის მინიჭების პროცედურებს ცესკო 2015 წლის 17 აპრილის დადგენილებით განსაზღვრავდა, რომლის თანახმადაც მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე გამართული არჩევნების დროს რიგითი ნომერი მიენიჭებოდა 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში არსებული ნომრების მიხედვით.
24 აგვისტოს დადგენილება
ცესკომ დადგენილებით, სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრა საარჩევნო კოდექსით დაურეგულირებელი შემდეგი გარემოებები:
-
პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობს, როგორც საპარლამენტო, ასევე გამგებლის და საკრებულოს რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში უფლებამოსილია სამივე არჩევნებში გამოიყენოს ერთი რიგითი ნომერი. ეს რეგულაცია მისასალმებელია, რადგან ალოგიკური იქნებოდა ერთი და იგივე სუბიექტს ერთ დღეს გამართულ სხვადასხვა არჩევნებში სხვადასხვა ნომრით გამოსულიყო.
-
ბოლო საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე სამი პარტიის გარდა ყველა პარტია, რომელიც მონაწილეობს საპარლამენტო არჩევნებში რიგით ნომერს იღებს წილისყრის შედეგად, ან იტოვებს რიგით ნომერს, რომელიც მას ბოლო საერთო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მიენიჭა.
-
თუ პარტია არ მონაწილეობდა ბოლო საერთო თვითმმართველობის არჩევნებში, ან გაერთიანებული იყო სხვა საარჩევნო ბლოკში და კოდექსით არ აქვს უფლება გამოიყენოს ბლოკისათვის მინიჭებული რიგითი ნომერი (რიგითი ნომრის გამოყენება მხოლოდ ბლოკის პირველ ნომერს შეუძლია) სამივე სახის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს წილისყრით განსაზღვრული რიგითი ნომრით.
-
თუ პარტიას სურს ისარგებლოს ბოლო თვითმმართველობის არჩევნებში გამოყენებული რიგითი ნომრით მაშინ კენჭისყრის დღემდე არაუადრეს 47 და არაუგვიანეს 36-ე დღისა წერილობით უნდა მიმართოს ცესკოს (22 აგვისტოდან – 2 სექტემბრამდე). მიმართვის შემთხვევაში, არჩევნებამდე არაუადრეს 36-ე დღისა (2 სექტემბერი) ცესკო გამოსცემს განკარგულებას ნომრის მინიჭების შესახებ.
-
დადგენილებით აკრძალულია განკარგულების გამოცემამდე სუბიექტის მიერ თავისი რიგითი ნომრის გამოყენება (გარდა საუკეთესო შედეგის მქონე სამი სუბიექტისა).
დადგენილების პრობლემური ჩანაწერები
დადგენილების მიხედვით 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო რიგითი ნომრების მინიჭებადამოკიდებული ხდება წინა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, მაშინ როდესაც საარჩევნო კოდექსით მსგავსი წინაპირობა გათვალისწინებული არ არის და, გარდა საპარლამენტო არჩევნებზე სამი საუკეთესო შედეგის მქონე პარტიისა, ყველა დანარჩენ პარტიას რიგითი ნომერი წილისყრით ენიჭება.
ასევე, დადგენილებით წინა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის უკვე 24 აგვისტოდან არის ცნობილი მათი საარჩევნო რიგითი ნომერი, მაშინ როდესაც დანარჩენი პარტიები ამას საუკეთესო შემთხვევაში 8 სექტემბერს შეიტყობენ. საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს მსგავს უთანასწორო მიდგომას.3
მართალია, დადგენილებაში მითითებულია, რომ პარტიები, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდნენ და წილისყრის გარეშე მიიღეს რიგითი ნომრები უფლებამოსილნი არიან კუთვნილი ნომერი გამოიყენონ ცესკოს მიერ შესაბამისი განკარგულების გამოცემის დღიდან, ანუ მიუხედავად იმისა, რომ პარტიებმა უკვე იციან თავიანთი ნომერი ისინი ვერ გამოიყენებენ მას განკარგულების გამოცემამდე. თუმცა, ბუნდოვანია თუ რა სანქცია შეიძლება მოყვეს ამ მოთხოვნის დაუცველობას.
ცნობისათვის, ბოლო კვირის განმავლობაში უკვე მეორედ გვაქვს ისეთი შემთხვევა, როდესაც ცესკო საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო დადგენილებას იღებს. პირველი შემთხვევა 9 პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო რეგისტრაციის შენარჩუნებას უკავშირდებოდა.
რეკომენდაცია
მიგვაჩნია, რომ ცესკომ აღნიშნულ დადგენილებაში უნდა შეიტანოს ცვლილება, ან გამოსცეს ახალი დადგენილება, რომელიც შესაბამისობაში იქნება საარჩევნო კოდექსთან. ჩვენი აზრით, წინა საპარლამენტო არჩევნებში პირველ სამ ადგილზე გასული პოლიტიკური გაერთიანებების გარდა, ყველა პარტიისთვის ნომრების მინიჭება უნდა მოხდეს ერთხელ ჩატარებული წილისყრით, ხოლო ცესკოს დადგენილებით პოლიტიკურ გაერთიანებებს/საარჩევნო სუბიექტებს უნდა მიეცეთ იმის უფლება, რომ ამ წილისყრით მინიჭებული ნომერი გამოიყენონ 8 ოქტომბერს გასამართი, როგორც მორიგი საპარლამენტო, ისე თვითმმართველობის შუალედური არჩევნებისთვის", _ აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
ცესკოს პოზიციას "გური ნიუსი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.