1904 წლის ორ მაისს, 400 კაცისაგან შემდგარი ორი კოლონა სურებიდან და ხიდისთავიდან მარსელიეზის სიმღერით, დროშებით, მარქსის და ნიკოლოზ მეორის თავდაყირა სურათებით ერთმანეთისკენ დაიძრა.
ადგილობრივმა ბოქაულმა ნახა რომ ხალხი მეტისმეტად აღელვებული და თანაც შეიარაღებული იყო, მათ ჩაუსაფრდა.
სტრაჟნიკებმა მოახდინეს 100-ზე მეტი გასროლა, რის შედეგადაც მოკლულ იქნა ორი გურული – ფოცხიშვილი და კალანდაძე.
დემონსტრაცია დაიშალა. ამ გამოსვლის ჩაშლას მეტწილად აბრალებენ იარაღის ნაკლებობას, რადგან ადამიანები იარაღდებოდნენ იმით, რაც ხელში მოხვდებოდათ. ასეთ პირობებში კი, კბილებამდე შეიარაღებულ მტერს ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ.
საპირველმაისო დემონსტრაციის დარბევის შემდეგ, დასმენების შედეგად მთავრობამ ოზურგეთის მაზრაში დააპატიმრა 25 კაცი.
მოსახლეობამ გაიგო, თუ ვინ გასცა ისინი და ერთი თვის განმავლობაში 12 ჯაშუში იყო ლიკვიდირებული. რიგ სოფლებში ეგზეკუცია იყო ჩაყენებული.
,,ჯარის შესანახად გადაგვახდიეს ხუთი ათასი მანეთი. ამ ფულს გარდა უნდა გვეძლია კიდო სახლი, შეშა, ნავთი და სხვა…”
განსაკუთრებული სისასტიკით თურმე კაზაკები გამოირჩეოდნენ – იჭრებოდნენ სახლებში და რაც ხელთ მოხვდებოდათ ყველაფერი მიჰქონდათ: სკამი, მაგიდა, საწოლი, ნიჩაბი და ქვაბი. იმ ხანებში საქონლის ჭირი ყოფილა გავრცელებული, ხალხს არ მისცეს ნება ხარები შეებათ ურემში, მამაკაცები გამოყარეს გარეთ, პირუტყვებივით შეაბეს ურმებში და ეს ნაყაჩაღარი ნივთები აზიდვინეს.
როგორც აღნიშნავენ, გლეხების ოჯახებში ჩასახლებული ჯარისკაცები მალე მოექცნენ იქაური ,,მქადაგებლების” აგიტაცია-პროპაგანდის ქვეშ და საქმე სულ უფრო რომ არ გართულებულიყო, ჯარი გაყვანილ იქნა სოფლებიდან. გურულები კვლავინდებურად აგრძელებდნენ დაუმორჩილებლობის გამოხატვას – მიტინგების, დემონსტრაციების და ტერორისტული აქტების სახით.
ამონარიდი ირაკლი მახარაძის წიგნიდან ,,გურიის რესპუბლიკა"